უკრაინისთვის იარაღის ნაწილის მიწოდების შეჩერება ჰეგსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო – NBC

ამერიკული ტელეარხი NBC News წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინისთვის გარკვეული შეიარაღების მიწოდების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა დამოუკიდებლად მიიღო.
NBC News-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღების მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ეს მარაგების სიმწირის გამო მოხდა, NBC-ის ცნობით, სამმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ უფროსი სამხედრო ოფიცრების ანალიზის მიხედვით, დახმარების მიწოდება საფრთხეს არ შეუქმნიდა აშშ-ს არმის საბრძოლო მასალების მარაგებს.
ამასთან, NBC წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰეგსეთის მხრიდან გადაწყვეტილების მიღება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესის, უკრაინელი მაღალჩინოსნებისა და ევროპელი მოკავშირეების შეტყობინების გარეშე მოხდა.
წყაროების თქმით, ეს ჰეგსეთის მხრიდან უკრაინისთვის დახმარების დამოუკიდებლად შეწყვეტის შემთხვევაა. წინა ორი შემთხვევა თებერვალსა და მაისში მოხდა, თუმცა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რამდენიმე დღის შემდეგ გაუქმდა.
აღსანიშნავია, რომ გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ იგი შეამოწმებს, მოხდა თუ არა უკრაინისთვის რაიმე სახის დახმარების შეჩერება.
ამასთან, Axios წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის კუთხით დახმარების გაწევის სურვილი გამოთქვა იმ ფონზე, როცა ბოლო პერიოდში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის იერიშების მასშტაბმა იმატა.
Axios-ის ცნობით, ტრამპის მხრიდან ამ ნაბიჯმა უკრაინელ მაღალჩინოსნებსა და მისი ადმინისტრაციის წევრებს შორის გაკვირვება გამოიწვია.
გამოცემას ორმა წყარომ განუცხადა, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის ზარი 40 წუთამდე გაგრძელდა და საუბრისას მთავარი ყურადღება უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებებს დაეთმო.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ტრამპი ინფორმირებული იყო რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ იერიშების მასშტაბის ზრდის შესახებ როგორც უკრაინულ ქალაქებზე, ასევე ფრონტის ხაზზეც.
თავის მხრივ, ტრამპთან საუბრის შემდეგ ზელენსკიმ დაწერა, რომ ტრამპთან “შედეგიანი და მნიშვნელოვანი” საუბარი ჰქონდა და დაამატა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან “საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე” შეთანხმდა.
ცნობისითვის, 2 ივლისს, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ უკრაინას რიგი შეიარაღების, მათ შორის, Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდება დროებით შეუჩერა.
NBC News წერდა, რომ Patriot-ის სისტემების გარდა უკრაინას დროებით აღარ გედაეცემა 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები, 100-ზე მეტი Hellfire-ის ტიპის რაკეტა, GMLRS-ის სისტემებისთვის 250-ზე მეტი საბრძოლო მასალა,”მიწა-ჰაერის” კლასის Stinger-ის ტიპის ათეულობით რაკეტები, “ჰაერი-ჰაერის” ტიპის საჰაერო მიზნის გზაგადამჭრელი რაკეტები და ყუმბარსატყორცნები.
Politico კი წერდა, რომ გადაწყვეტილება აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, ელბრიჯ კოლბიმ პენტაგონის საბრძოლო მასალის მარაგის შემოწმების შემდეგ არტილერიის ჭურვების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტებისა და მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის შემცირებაზე შეშფოთებების გამო მიიღო.
მედიისთვის გაგზავნილ განცხადებაში თეთრი სახლის სპიკერმა, ანა კელიმ ცნობები დაადასტურა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-ს მხრიდან “მსოფლიოს გარშემო სხვა ქვეყნებისთვის გაწეული სამხედრო დახმარებისა და მხარდაჭერის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადახედვის შემდეგ ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დასაყენებლად”.
მოგვიანებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-სგან შეიარაღების ნაწილის მიწოდების დროებით შეჩერების ან გრაფიკის გადახედვის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ და განმარტებისთვის ამერიკულ მხარესთან სატელეფონო საუბარს ითხოვენ. 2 ივლისს უკრაინამ ამერიკელი დიპლომატიც დაიბარა პენტაგონის გადაწყვეტილების განმარტების მიზნით.
თუმცა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგის დროს ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და შეიარაღების მიწოდება ზოგადად არ შეუჩერებია, არამედ ცვლილება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევას ეხება და თავდაცვის დეპარტამენტი აშშ-ს პრეზიდენტისთვის უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების “ძლიერი ვარიანტების” გაზიარებას განაგრძობს.
“უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეგვიჩერებია. ერთი ასპექტია, ერთი სიტუაციაა, ერთი მოვლენაა, რომელიც შეიცვალა. როგორც თავდაცვის სამინისტროსგან გაიგეთ, სხვა რამდენიმე ძლიერი ვარიანტი და ძალისხმევაა უკრაინის შეიარაღების სიტუაციასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად არ ვლაპარაკობ, მხოლოდ მათ განცხადებას შემიძლია მივუთითო და იმას, რაც ძალიან პირდაპირ განაცხადეს. პრეზიდენტმა ასევე მიუთითა Patriot-ის რაკეტების შესახებ თავის ერთგულებაზე. გავიმეორებ, ეს არ არის უკრაინისთვის ჩვენი დახმარების ან იარაღის მიწოდების შეჩერება. ეს არის ერთი მოვლენა ერთ სიტუაციაში”. – თქვა ბრიუსმა.
მანამდე, აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, ელბრიჯ კოლბიმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას განაგრძობს და, ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრო ამ ამოცანის მიღწევისთვისა და აშშ-ს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებისთვის თავის მიდგომას აანალიზებს.
“თავდაცვის სამინისტრო პრეზიდენტისთვის უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების ძლიერი ვარიანტების გაზიარებას განაგრძობს, რაც შეესაბამება მის მიზანს, რომ ეს ტრაგიკული ომი დასრულდეს. ამავდროულად, სამინისტრო საგულდაგულოდ იკვლევს და ცვლის თავის მიდგომას ამ ამოცანის მიღწევისადმი და პარალელურად ადმინისტრაციის თავდაცვის პრიორიტეტებისთვის აშშ-ს შეიარაღებული ძალების მზაობის შენარჩუნებისადმი”. – წერია კოლბის განცხადებაში.