აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კოლორადოში გამართულ Aspen Security Forum-ზე განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკის კონგრესში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, შესაბამისად მის მიმართ დახმარება ნებისმიერი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დროს შენარჩუნდება.
„ჩვენ ვხედავთ უკრაინის ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას კონგრესში. მე ვფიქრობ, რომ ეს მხარდაჭერა შენარჩუნდება. ნებისმიერი ადმინისტრაცია, მე ვფიქრობ, ამას გაითვალისწინებს“, – თქვა მან.
ბლინკენმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რას იზამს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს. „თუ ჩვენ გავჩერდებით, უკან დავიხევთ, ვუღალატებთ უკრაინას, რას იზამს პუტინი? ის გააძლიერებს აგრესიას და, შესაძლოა, ისარგებლებს შანსით და წარმატებას მიაღწევს იქ, სადაც დღემდე წარუმატებელი იყო. ის უკრაინაზე არ გაჩერდება. სავარაუდოდ, ის რეგიონის სხვა ქვეყნებსაც თავს დაესხმება, მათ შორის ნატოს მოკავშირეებს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ბიბისისთან” საუბრისას განაცხადა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ომისთვის ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა მოემზადონ თუ არა ნატო-ს მოკავშირეები უკრაინაში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისთვის, სტოლტენბერგმა დადებითად უპასუხა.
„მაგრამ მთავარი გზავნილი არის ის, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მხარდაჭერა და რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად, რომ უკრაინას დავეხმაროთ, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი. პარადოქსი ისაა, რომ ახლა პრეზიდენტ პუტინს სჯერა, რომ მას შეუძლია, დაგველოდოს. ამიტომ ომი გრძელდება. როდესაც ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ჩვენ აქ ვიქნებით დიდი ხნის განმავლობაში, რომ გვაქვს ძლიერი, მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მაშინ ჩვენ გვაქვს პირობები გადაწყვეტისთვის, სადაც უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. ახლა თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერი დრო და ადგილი უკრაინაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ აშშ დარჩება ალიანსში, რადგან „ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებშია ძლიერი ნატო-ს არსებობა“.
„აშშ-ში ნატო-ს მიმართ ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერაა, როგორც კონგრესში, ასევე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებშიც“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენმდივნის განცხადებითვე, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სწორად გააკრიტიკა ევროპელი მოკავშირეები იმის გამო, რომ საკმარისი არ დახარჯეს თავდაცვაზე და ზედმეტად ეყრდნობოდნენ აშშ-ს, თუმცა აღნიშნა, რომ ახლა ეს ვითარება შეიცვალა.
„ნატო-ს სამხედრო ალიანსის წევრები პირობას დებდნენ, რომ 2024 წლისთვის თავდაცვისთვის ყოველწლიურად დახარჯავდნენ თავიანთი ეკონომიკის ღირებულების, მინიმუმ, 2%-ს. ნატო ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსია, რადგან, მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით გაერთიანებას ჩვენი ძირითადი ღირებულების ირგვლივ: ერთმანეთის დაცვა. მე ველოდები, რომ ეს ასე იქნება აშშ-ის არჩევნების შემდეგაც“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.