გუშინ, 3 მარტს, კიევში შედგა საგამოძიებო ფილმის პრემიერა, სახელად “ვიკას ბოლო დავალება”. ფილმი გამოძიებაა უკრაინელი ჟურნალისტის, ვიქტორია როშჩინას შესახებ, რომელიც რუსულმა მხარემ გარდაცვლილად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას “მედუზა” ავრცელებს.
გამოძიება მოამზადეს უკრაინული მედიასაშუალებების Slidstvo.Info-ს, Grati-სა და Suspilne-ის ჟურნალისტებმა. ფილმის მიხედვით, როშჩინა წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში რუსებს ჰყავდათ ტყვედ და აწამებდნენ. გამოძიების ავტორებმა დაადგინეს თუ როგორ დააკავეს როშჩინა და რა მოხდა მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში, როსტოვის ოლქში, სადაც ის 2024 წლის სექტემბერში, გაუჩინარებამდე იმყოფებოდა.
27 წლის ვიქტორია როშჩინა ტყვედ 2023 წლის აგვისტოში უკრაინის ქალაქ ენერგოდარში ჩავარდა, რომელიც რუსულმა ჯარებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში დაიაკვეს. ენერგოდარში მოხვედრამდე, როშჩინა თავდაპირველად გაემგზავრა ოკუპირებულ ზაპოროჟიეში, როგორც უკრაინული “პრავდას” თავისუფალი ჟურნალისტი. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ის აპირებდა სტატიის მომზადებას ზაპოროჟიეში ატომურ ელექტროსადგურზე მყოფი პატიმრების შესახებ. სხვა წყარო ამბობდა, რომ მას სურდა ენერგოდართან ახლოს მდებარე იმ ქალაქების მონახულება, რომლებიც რუსმა სამხედროებმა დაიპყრეს.
როშჩინა ენერგოდარში დაიჭირეს. მისი დაკავების ზუსტი თარიღი უცნობია. ქალთა საერთაშორისო ფონდმა მედიაში განაცხადა, რომ როშჩინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე 3 აგვისტოს გაუჩინარდა. უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა მისი დაკავების შესახებ ცნობა 12 აგვისტოს მიიღეს.
ენერგოდარიდან როშჩინა რუსებმა გადაიყვანეს მეორე ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ მელიტოპოლში, სადაც ის რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ირინა დიდენკოს თქმით, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისში ამ საქმეს ხელმძღვანელობდა, ჟურნალისტი “ე.წ. ავტოფარეხებში იყო გამომწყვდეული”. RIA Melitopol-მა ადრე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატიმრებს, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკავებდნენ, ქალაქის სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებში ამწყვდევდნენ.
გამომძიებელი ჟურნალისტები როშჩინას ყოფილ თანამესაკნესაც ესაუბრნენ, რომელმაც აღნიშნა, რომ ჟურნალისტმა წონაში საგრძნობლად დაიკლო და დამოუკიდებლად მოძრაობა არ შეეძლო.
როშჩინა 2023 წლის დეკემბერში, როსტოვის ოლქის №2 წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ჟურნალისტები ასევე ესაუბრნენ ადამიანს, რომელმაც ის ამ იზოლატორში იხილა. მან აღნიშნა, რომ მელიტოპოლში როშჩინა ელექტროშოკით აწამეს. ასევე მან დაინახა დანით მიყენებული ჭრილობები ჟურნალისტის სხეულზე.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით ასევე გაირკვა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ვიქტორია როშჩინა გადამალეს შემოწმების დროს, რომელიც 2024 წლის მარტში რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისრის წარმომადგენლობამ ჩაატარა.
ბოლოს არსებული ინფორმაციით, ვიქტორია როშჩინა დატყვევებულ რუსებზე უნდა გაეცვალათ, მაგრამ გაცვლამდე რამდენიმე დღით ადრე გაუჩინარდა. ამის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის გარდაიცვალა.
როშჩინა ბოლოს 2024 წლის 8 სექტემბერს ნახეს უკრაინელმა ქალებმა, რომლებიც ტაგანროგის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდნენ. შემდეგ იგი საკნიდან გაიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
როშჩინას საქმის საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა რინა დიდენკომ განაცხადა, რომ ჯერ შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენად სიმართლეა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წერილი ჟურნალისტის გარდაცვალების შესახებ, რადგან კიევმა შეაჩერა დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვთან.
“გამოძიება ერთდროულად განიხილავს როგორც ვიქტორიას გარდაცვალების ვერსიას, ასევე იმას, რომ იგი ჯერ კიდევ ცოცხალია”, – განაცხადა დიდენკომ.
უკრაინის ომბუდსმენის ოფისმა რუსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს სთხოვა დაედასტურებინა ან უარეყო ინფორმაცია როშჩინას გარდაცვალების შესახებ, თუმცა კომისარმა ამ თხოვნას არ უპასუხა.
