უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის შემადგენლობაში მებრძოლი ჩინეთის ორი მოქალაქე ტყვედ აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„ეს უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის ოლქში მოხდა. მათ თან ჰქონდათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და საბანკო ბარათები. გვაქვს ინფორმაცია, რომ ოკუპანტების ქვედანაყოფების შემადგენლობაში ბევრად მეტი ჩინეთის მოქალაქეა, ვიდრე ეს ორი“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინეთთან დაკავშირება დაავალა.
„ამ ომში ჩინეთისა და სხვა ქვეყნების ჩართვა იმის ნიშანია, რომ პუტინი ომის დასრულების გარდა, ყველაფრის გაკეთებას გეგმავს. პუტინი ბრძოლის გასაგრძელებლად გზებს ეძებს. ეს პასუხს მოითხოვს. პასუხს აშშ-ს, ევროპისა და ყველას მიერ, ვისაც მშვიდობა სურს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
