უკრაინელი დევნილებისგან მიღებული ჩეხეთის სახელმწიფო შემოსავალი კვლავ იზრდება

ჩეხეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინიდან დევნილ პირებზე დახმარების სახით გაცემული სახსრებიდან მიღებული შემოსავლები კვლავ იზრდება, ხოლო მათზე გაწეული ხარჯები მცირდება. ჩეხეთის რესპუბლიკაში მომუშავე უკრაინელმა დევნილებმა გადასახადებში 6,9 მილიარდი ჩეხური კრონა (CZK) გადაიხადეს, სახელმწიფომ კი მათ ჰუმანიტარულ დახმარებაზე, საცხოვრისზე, ზე, განათლებასა და სხვა მხარდაჭერაზე 3,8 მილიარდი CZK დახარჯა. „დასაქმებულთა რიცხვი იზრდება, ხოლო დახმარების მიმღებთა რაოდენობა მცირდება“, – აცხადებს შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი, მარიან იურეჩკა.
მისი თქმით, უკრაინელი დევნილების შემოსავლებმა მათ შესანახად გაწეულ ხარჯებს პირველად გასული წლის მესამე კვარტალში გადააჭარბა. „დადებითი ტენდენცია 2023 წლის მესამე კვარტლიდან იკვეთება, როდესაც ამ ადამიანების შრომითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი სტაბილურად გაიზარდა“, – დასძინა იურეჩკამ.
მისი უწყების განმარტებით, მონაცემები მოდელირებულია. „ხარჯები, ძირითადად, მიდის ჰუმანიტარულ დახმარებაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დახმარებაზე ან საცხოვრებელზე, ხოლო სახელმწიფოს შემოსავალი იანგარიშება სადაზღვევო პრემიებიდან, დღგ-დან და აქციზებიდან, ასევე საშემოსავლო გადასახადიდან“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის აპრილში დასაქმებული იყო დროებითი დაცვის მქონე 158 000 უკრაინელი დევნილი, გასული წლის ამავე პერიოდში – 114 000, ხოლო ორი წლის წინ – მხოლოდ 89 ათასი. „ტენდენცია ძალიან კარგია. ჩვენ ვართ ყველაზე მაღალი წილის მქონე ქვეყანა, ევროკავშირის შრომის ბაზარზე აქტიური დროებითი დაცვის მქონე ადამიანების კუთხით“, – აღნიშნა იურეჩკამ.
აპრილში 86 000-მა ადამიანმა მიიღო დევნილთა ისეთი ოჯახებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება, რომელთა შემოსავალი საარსებო მინიმუმზე დაბალია. „ბენეფიციართა ნახევარზე მეტს ბავშვები წარმოადგენდნენ, ხოლო 17 პროცენტს -ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან მათი მომვლელები“, – ამბობს მინისტრი. მისი უწყების მონაცემების თანახმად, ბენეფიციართა რიცხვი სტაბილურად მცირდება. ერთი წლის წინ დახმარებას 94 ათასი ადამიანი იღებდა, ორი წლის წინ – 149 ათასი, ხოლო ომის პირველ წელს – 234 ათასი „სისტემა ძალიან ეფექტურია და იცის, როგორ მიმართოს დახმარება ყველაზე დაუცველებზე“, – მიაჩნევს შრომის სამინისტროს ხელმძღვანელი.
იურეჩკას ინფორმაციით, 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე, ჩეხეთმა, უკრაინელი დევნილების მხარდასაჭერად, ჯამში, 41,3 მილიარდი ჩეხური კრონა დახარჯა, მათგან კი 49,8 მილიარდი ჩეხური კრონა მიიღო. გასულ წელს დევნილებმა ჩეხეთის ბიუჯეტში 23,5 მილიარდი კრონა შეიტანეს, ხოლო მათზე გაწეულმა დახმარებამ 17,5 მილიარდი კრონა შეადგინა. 2023 წელს ხარჯები 22 მილიარდი კრონის ეკვივალენტი იყო, ხოლო შემოსავალი – 19,4 მილიარდი კრონის. სამინისტროს ადრინდელი ინფორმაციით, ომის პირველ წელს დახმარებაში 25 მილიარდი კრონა დაიხარჯა, ხოლო დასაქმებული მუშებიდან შემოსავალმა 12,6 მილიარდი კრონა შეადგინა. ამდენად, 2022 წლიდან დღემდე, დახმარების ხარჯები დაახლოებით 3.9 მილიარდი კრონით აღემატება მთლიან შემოსავალს.
1tv.ge