კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KMIS) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულ უკრაინელთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნები მხოლოდ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისა და რუსეთთან ომის სრულად დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს. უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობა დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანას ეწინააღმდეგება, ხოლო თითქმის ორი მესამედი მზადაა, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება.
გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელთა 57 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ ახალი არჩევნები მხოლოდ რუსეთთან ომში სამშვიდობო გარიგების მიღწევისა და საბრძოლო მოქმედებების სრულად შეწყვეტის შემდეგ უნდა გაიმართოს.
რესპონდენტთა მეოთხედი აცხადებს, რომ ხალხმა თავისი წარმომადგენლები იმ შემთხვევაში უნდა აირჩიოს, თუ საბრძოლო მოქმედებები შეწყდება და უსაფრთხოების გარანტიები იარსებებს. გამოკითხულთა მხოლოდ ცხრა პროცენტი ფიქრობს, რომ ომის მიმდინარეობის მიუხედავად, არჩევნები სწრაფად უნდა ჩატარდეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელსაც ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს და კიევს მოსკოვთან დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებს, განაცხადა, რომ უკრაინა აღარ არის დემოკრატიული ქვეყანა, რადგან იქ არჩევნები დიდი ხანია არ ჩატარებულა. თუმცა, უკრაინის კანონმდებლობა საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარებას კრძალავს. საომარი მდგომარეობა ქვეყანაში 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სახმელეთო შეჭრის დაწყების დღიდან მოქმედებს და ქვეყნის ხელმძღვანელობა მას, რუსეთის აგრესიის გამო, რეგულარულად ახანგრძლივებს.
აშშ-ის ზეწოლის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ მზადაა უკრაინაში არჩევნები ჩაატაროს და პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება მოსთხოვოს, თუ ამერიკელები და ევროპელები მის (არჩევნების – რედ.) უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
თანდათან მცირდება იმ ადამიანთა პროცენტული რაოდენობა, რომლებიც, რუსეთთან ზავისა და საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, არჩევნების ჩატარებას უჭერენ მხარს. მარტში რესპონდენტთა 78 პროცენტს სურდა [ასეთი] არჩევნები, ახლა კი ეს მაჩვენებელი 21 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
ამჟამად რესპონდენტთა 61% ენდობა ზელენსკის, ხოლო 32% საპირისპირო აზრზეა. KMIS-ის ხელმძღვანელმა, ანტონ გრუშეცკიმ აღნიშნა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობის დონე კვლავ მაღალია და მოსახლეობა მის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ არ აყენებს. ზელენსკის ყველაზე მეტი ადამიანი (74%) თებერვალში ენდობოდა, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (58%) კი ზაფხულში დაფიქსირდა.
ამერიკელები ასევე ითხოვენ, რომ უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე კონტროლი დათმოს და იქიდან გამოვიდეს. თუმცა, კიევი ტერიტორიულ დათმობებზე უარს აცხადებს. KMIS-ის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ პოზიციას ეთანხმება.
გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელთა სამი მეოთხედი ეწინააღმდეგება ისეთ „სამშვიდობო გეგმას“, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანას, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას და უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიების არარსებობას გულისხმობს.
რესპონდენტთა 63 პროცენტი მზადაა, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება. 2023 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის დროს, ასეთ პასუხს 73 პროცენტი იძლეოდა, ერთი წლის წინ კი – 57 პროცენტი. ახლა რესპონდენტთა დაახლოებით მეხუთედმა განაცხადა, რომ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.
გამოკითხვა შემთხვევით შერჩეული მობილური ტელეფონის ნომრებზე დარეკვის გზით, 26 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებმა 18 წელს გადაცილებულმა 547-მა რესპონდენტმა.
KMIS-მა კვლევა მას შემდეგ ჩაატარა, რაც უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში ფართომასშტაბიანი კორუფციული სქემა გამოვლინდა, რომლის შექმნაშიც ზელენსკის ყოფილი თანამოაზრე, ტიმურ მინდიჩია ეჭვმიტანილი. ამ სკანდალს ორი მინისტრისა და პრეზიდენტის ოფისის გავლენიანი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის პოსტზე ყოფნა შეეწირა.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი


