უკრაინის თავდაცვის ძალებმა 25 ნოემბრის ღამეს მტრის არაერთ სამიზნეს დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა, სპეციალური ოპერაციების ძალებთან, საზღვაო ფლოტის სანაპირო სარაკეტო ძალებთან და უპილოტო სისტემების ძალებთან თანამშრომლობით, „ბარსის“ რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატებისა და „ნეპტუნის“ ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, წარმატებული დარტყმები განახორციელეს რუსი აგრესორის რამდენიმე სტრატეგიულ სამიზნეზე“, – აცხადებენ სამხედრო-საზღვაო ძალებში.
მათი ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში, თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა და უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ობიექტი დაზიანდა.
ბერიევის საავიაციო ქარხანაზე თავდასხმის დროს, სავარაუდოდ, ექსპერიმენტული A-60 ტიპის თვითმფრინავი დაზიანდა. ეს ქარხანა ასევე ახორციელებს ДРЛО А-50 ტიპის თვითმფრინავების და რუსული Ту-95МС ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების შეკეთებას და მოდერნიზებას.
გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა წარმატებით გაანადგურეს ნავთობტერმინალი „შესხარისი“ ნოვოროსიისკში და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ტუაფსე“ რუსეთის კრასნოდარის მხარეში. წინასწარი ინფორმაციით, ნოვოროსიისკში განადგურდა ნავთობის გადამამუშავებელი აღჭურვილობა (მოწყობილობები ნავთობის ტანკერებში ჩასატვირთად და გადმოსატვირთად) და С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამშვები.




