“უკრაინელები იცავენ იმას, რაც მათია. ისინიც კი, ვინც რუსეთთან არიან, ხვდებიან, რომ რუსეთი ბოროტებას სჩადის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაჯილდოებთ რუსეთს იმ დანაშაულებისთვის, რაც ჩაიდინა. უკრაინელ ხალხს მშვიდობა ეკუთვნის. მაგრამ ყველა პარტნიორმა უნდა გაიგოს, რა არის ღირსეული მშვიდობა,” – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, თავისივე წამოწყებული ომი რუსეთმა უნდა დაასრულოს. ზელენსკის განმარტებით, უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი უკვე მოცემულია უკრაინის კონსტიტუციაში. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენბტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინელები ოკუპანტს თავიანთ მიწას არ აჩუქებენ.
“ეს ომი უნდა დასრულდეს – და უნდა დაასრულოს რუსეთმა. რუსეთმა დაიწყო და რუსეთივე ახანგრძლივებს მას, ყველა ვადის იგნორირებით და პრობლემა სწორედ ეს არის, არა რამე სხვა.
უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი უკვე მოცემულია უკრაინის კონსტიტუციაში. ამისგან არავინ გადაუხვევს და ვერც ვერავინ შეძლებს. უკრაინელები ოკუპანტს თავიანთ მიწას არ აჩუქებენ.
უკრაინა მზად არის რეალური გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც მშვიდობის დამყარებას შეძლებენ. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ არის, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის გარეშე მიიღება, ამავდროულად მშვიდობის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა. ისინი არანაირ შედეგს არ მოიტანენ. ეს მკვდრადშობილი გადაწყვეტილებებია. ეს უშედეგო გადაწყვეტილებებია.
ჩვენ ყველას გვჭირდება ნამდვილი და გულწრფელი მშვიდობა. მშვიდობა, რომელსაც ადამიანები პატივს სცემენ. ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტ ტრამპთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად ნამდვილი და რაც ყველაზე მთავარია, ხანგრძლივი მშვიდობისთვის ვიმუშაოთ – მშვიდობისთვის, რომელიც მოსკოვის სურვილების გამო არ დაინგრევა,” – წერს ზელენსკი.
