მწერალი, ალეკო შუღლაძე:
ფეისბუკის მეხსიერება ისეთ ტექსტებს ამომიგდებს ხოლმე, რაც საერთოდ არ მახსოვს… თან მე თვითონაც მეცინება, თან მიკვირს, ეს რომ დავწერე. არადა, არც არის გასაკვირი. ზოგიერთს უცნაური ფინალი აქვს 🙂 აი, მაგალითად, ამას:
„ახალგაზრდა სტალინისტის წერილი უპოვიათ დედისადმი მიწერილი.
„დედა, შავ დღეში ვარ, დედა, გაუგებრობაში აღმოვჩნდი. იმ დღეს უცბად გავიაზრე, რომ სულ რაღაც 27 წლის ვარ, სტალინი თვალითაც არ მინახავს და ამ დროს გაგიჟებული ვარ მასზე, ვაფანატებ, გონებას, ვკარგავ, მის გამო შემიძლია ხალხი დავხვრიტო „დედა ენის“ ბაღში. ამ ფიქრმა შემარყია, საშველად ძველი სტალინისტი მოვიდა, მითხრა, ეგრე ხალხს ელიზაბეტ ტეილორიც არ უნახავს, მაგრამ გიჟდებიანო. მე ვუპასუხე, ეგ საერთო ვინ არის-მეთქი? მერე ისიც გამახსენდა, ბერია რომ მიყვარს, და ვეღარ დავიძინე. სტალინის მერე ბებერი მუმიების სასტავი წამოვიდა, კიდევ კარგი პუტინი გამოჩნდა, თორემ ჩერნენკოს და სუსლოვს რა შეიყვარებდა? მაგრამ ახლა გამშიფრეს დედა, ძველი მეთოდები აღარ ჭრის. შენ ალბათ არ იცი, მაგრამ მე მეკუთვნის ის განთქმული ჯადოსნური ფრაზა: „ერთი რუსეთის დედა აქ მოვტ*ან და ამერიკის კიდევ იქ“ – რომელშიც მარტო ამერიკა იგულისხმება. ასევე მე შევუგდე ქართველ ხალხს ეს აზრი: „რუსეთი ჯერ ძველ ტექნიკას ხარჯავს, აწი ნახეთ რა დაიწყება“. ახლაც ვერ ვხვდები, როგორ ჭრიდა აი ეს ცრუ წინადადება: „რუსეთს არცერთი ქალაქი არ გაუსწორებია მიწასთან, მაგრამ რომ მოუნდეს, ვერაფერი შეაჩერებს.“
ეს უაღრესად თესლური (ბოდიში დე) ფრაზაც მე მეკუთვნის: „რუსეთმა უკვე მიაღწია მიზანს“. იმისათვის, რომ რუსეთის თვალში ჩემი პრესტიჟი ამემაღლებინა, რუსი ცოლის მოყვანა გადავწყვიტე. მაგრამ რუსეთის გენშტაბიდან მითითება მივიღე: ქართველი ქალი მოიყვანე და უფრო ღრმად გაიდგი ფესვებიო.
ჰოდა, მეც ქართველი ანგელოზი გოგო მოვიყვანე: ფითქინა, ნაზი, კოხტა, თხელი, მოკრძალებული… მართლა ძალიან შემიყვარდა, თავს ვევლებოდი, თმას ვუვარცხნიდი და სურნელოვან ყვავილებს ვჩუქნიდი… მაგრამ ერთი თვის წინ ჩემი ძვირფასი ცოლი მოულოდნელად გაქრა. ყველგან ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე…
გუშინ რუსეთის გენშტაბიდან მომწერეს, დედა, ცუდად არის საქმე, ვაიმე… „შენი ცოლი აღმოვაჩინეთ, ხარკოვთან იბრძვის, უკრაინელების მხარეზე, სნაიპერია და დედას გვიტ*ნავს სუყველასო.“