უკრაინელების „განადგურების“ შეჩერების სანაცვლოდ, რუსეთი დასავლეთისგან მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს
ხუთშაბათს, 7 ნოემბერს, რუსეთმა კიევის მოკავშირეებს, უკრაინელებზე სასტიკი თავდასხმების შეჩერების სანაცვლოდ, მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყება მოსთხოვა. ნიშანდობლივია, რომ ამ ულტიმატუმის წაყენების დროს, უკრაინის დედაქალაქი მტრის თვითმფრინავების მასიურ ავიაიერიშებს იგერიებდა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ჟურნალისტებს ესმოდათ, როგორ ღმუოდნენ კიევის თავზე მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენები, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები კი, პარალელურად, მოიერიშე რუსულ უპილოტო თვითმფრინავებს ანადგურებდნენ. იმავე დღეს, 7 ნოემბერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, სერგეი შოიგუ მოლაპარაკებების დაწყების მოწოდებით გამოვიდა და განაცხადა, რომ დასავლეთი არჩევანის წინაშე დგას: ომის შეწყვეტის შესახებ მოსკოვთან მოლაპარაკებებში შესვლა ან უკრაინის მოსახლეობის „განადგურება“. „ახლა, როდესაც სამხედრო ოპერაციების თეატრში მოქმედება კიევის სასარგებლოდ არ ვითარდება, დასავლეთი არჩევანის წინაშე დგას“, – აღნიშნა შოიგუმ სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
„განაგრძეთ კიევის დაფინანსება და უკრაინის მოსახლეობის განადგურება, ან აღიარეთ არსებული რეალობა და დაიწყეთ მოლაპარაკებები“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. ეს იყო რუსი ოფიციალური პირის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი, რომელიც ტრაბახობდა, რომ ომის დასრულება ერთ დღეში შეეძლო, შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩიეს. შოიგუს კომენტარებს წინ უძღვოდა უკრაინელი მაღალჩინოსნების მიერ წინა ღამის საჰაერო დაბომბვების შედეგების შეჯამება და მოსკოვის ოფიციალური განცხადება აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი სოფლის აღების შესახებ. კრემლის ცნობით, მისმა ჯარებმა კონტროლი კრემენნაია ბალკაზე დაამყარეს. ამ სოფელში ომამდე 50-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობდა. ის დონეცკის ინდუსტრიულ რეგიონში მდებარეობს, საიდანაც უკრაინის არმია კვლავ უკან იხევს.
იმავდროულად, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონეცკის ოლქის ხელისუფლება ემზადება, სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადოს კიდევ შვიდ სოფელში, რომელიც კრემლმა 2022 წელს რუსეთის ნაწილად გამოაცხადა. ღამის უპილოტო თავდასხმის შედეგად, შენობები დაზიანდა ქალაქ ოდესაში, სადაც „ფრანს პრესის“ ჟურნალისტებმა დააფიქსირეს მოსახლეობა, რომელიც, გამთენიისას, დაზიანებულ ავტომანქანებსა და საცხოვრებელ კორპუსებს ათვალიერებდა. კიევში კი, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაახლოებით 36 ჩამოგდებული თვითმფრინავის ნამსხვრევები დედაქალაქის ექვს რაიონში ჩამოვარდა, რის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. „შეტევა ტალღისებურად განხორციელდა, დრონები ქალაქში სხვადასხვა მხრიდან შემოვიდნენ და სხვადასხვა სიმაღლეზე დაფრინავდნენ – როგორც ძალიან დაბალ, ასევე მაღალ სიმაღლეეებზე“, – განაცხადეს ქალაქის ადმინისტრაციაში.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთის 11 სხვადასხვა რეგიონიდან უკრაინის მიმართულებით გაშვებული 106 უპილოტო საფრენი აპარატიდან 74 ჩამოაგდეს. რუსეთი უკრაინის დედაქალაქს დრონებითა და რაკეტებით სისტემატურად, უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან უტევს. ენერგეტიკაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დრონების თავდასხმის შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყდა რივნისა და ჟიტომირის ოლქებში, ხერსონის ოლქის ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო ძალების თავდასხმის შედეგად დანგრეული სახლის ნანგრევებიდან მამაკაცის ცხედარი ამოიღეს.
როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, სუმის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის მიერ რამდენიმე საათით ადრე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
წყარო: 1 არხი