აშშ-ის პრეზიდენტმა ნატოს საიუბილეო სამიტის გახსნაზე უკრაინისთვის ხუთი ახალი სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემა დააანონსა.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კიევში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე მიტანილი სარაკეტო იერიში.
„კარგია, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოდესმე, რადგან ისტორიის ეს მომენტი ითხოვს ჩვენს კოლექტიური ძალას. ავტოკრატებს სურთ დაამხონ გლობალური წესრიგი, რომელიც თითქმის 80 წელია დამყარებულია. ევროპაში პუტინის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. და პუტინს არაფერი ნაკლები სურს — მხოლოდ უკრაინის სრული დამორჩილება; ბოლო მოეღოს უკრაინის დემოკრატიას; წაშალოს უკრაინა რუკიდან. ჩვენ ვიცით, რომ პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება. მაგრამ არ შეცდეთ, უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს, განსაკუთრებით ჩვენი სრული, კოლექტიური მხარდაჭერით“, — განაცხადა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისა Mellon Auditorium-ში, სადაც 1949 წლის 4 აპრილს ხელი მოეწერა ალიანსის დამფუძნებელ ჩრდილო-ატლანტიკურ ხელშეკრულებას.
ბაიდენმა ისაუბრა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე, უკრაინის დასახმარებლად გლობალური კოალიციის შექმნაზე, უკრაინასთან უსაფრთხოების ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმების გაფართოებაზე.
„დღეს მე ვაცხადებ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის ისტორიულ დონაციას. შეერთებული შტატები, გერმანია, ნიდერლანდები, რუმინეთი და იტალია უკრაინას დამატებით სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობას მიაწვდიან. და უახლოეს თვეებში შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები აპირებენ, უკრაინას ათეულობით დამატებითი ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის სისტემით მიაწოდონ“, — განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა თქვა, რომ „რუსეთი მარცხდება ამ ომში“ და ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა მის ისტორიაში.
„რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. უკრაინა გაიმარჯვებს“, — დასძინა ბაიდენმა.
9-11 ივლისს ვაშინგტონში იმართება ნატოს სამიტი, რომელიც ალიანსის 75 წლის იუბილეს აღნიშნავს.
რას უნდა ელოდნენ საქართველო და უკრაინა ვაშინგტონის სამიტისგან, წაიკითხეთ აქ:
ნატოს საიუბილეო სამიტი: რას უნდა ელოდნენ საქართველო და უკრაინა