უკრაინა ავდეევკაში ჯარისკაცების სავარაუდო დახვრეტის საქმეს იძიებს. წინასწარი მონაცემებით რუსმა სამხედროებმა 6 უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს.
დონეცკის ოლქის პროკურატურა საქმეს ომის კანონების დარღვევისა და განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.
“რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქში სისტემატიურად და ცინიკურად არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებს. ოკუპანტების მიერ ჩადენილი მორიგი მძიმე დანაშაულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში ვრცელდება”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.
გარდა ამისა, აღმოჩენილია დრონის მიერ გადაღებული კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც ბახმუტის რაიონში 2 უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცის დახვრეტა ჩანს.
ცოტა ხნით ადრე უკრაინამ ავდეევკიდან ჯარი გაიყვანა და დასახლება საოკუპაციო ძალების ხელში გადავიდა.