უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უერთდება

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც რომის წესდების რატიფიცირებას ახდენს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უერთდება.
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ეს მორიგი ნაბიჯია უკრაინის ევროკავშირთან დასაახლოებლად.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებას ამ დროისთვის 137 ხელმომწერი და 124 წევრი სახელმწიფო ჰყავს. უკრაინა 125-ე იქნება. საქართველო ხელმომწერი 1998 წელს გახდა, წესდების რატიფიცირება კი 2003 წელს მოხდა.
რომის წესდებამ დაადგინა ოთხი მთავარი საერთაშორისო დანაშაული: გენოციდი, დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, ომის დანაშაულები და აგრესიის დანაშაულები. ეს დანაშაულები ე.წ. „ხანდაზმულობის ვადას“ არ ექვემდებარება.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამ დანაშაულებს იძიებს მაშინ, როდესაც თავად სახელმწიფოებს „არ შეუძლიათ“ ან „არ სურთ“ ამის გაკეთება.

ასევე დაგაინტერესებთ