უკრაინა ემზადება 2022 წელს შეწყვეტილი ფრენების განახლებისთვის. ოფიციალური პირები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ევროკავშირისა და აშშ-ის მარეგულირებელებთან. ფრენების აღსადგენად კიევი აპირებს გამოიყენოს ისრაელის გამოცდილება. ამის შესახებ უკრაინის ტერიტორიების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ ნაადრევია საუბარი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დროზე, მაგრამ კიევი უკვე აწვდის მარეგულირებლებს ხედვას, თუ როგორ იმუშავებს იგი საომარი მდგომარეობის პირობებში.
„მსოფლიოში არაა ბევრი აეროპორტი, სადაც ნებისმიერ დროს შესაძლოა დრონი ან რაკეტა მოფრინდეს. ისრაელი ყველაზე წარმატებული მაგალითია. ჩვენ ისრაელის სამოქალაქო ავიაციასთან კონსულტაციებში დიდ დროს ვატარებთ – განაცხადა კუბრაკოვმა.
კუბრაკოვმა თქვა, რომ რამდენიმე ევროპული და სამი უკრაინული ავიაკომპანია დაინტერესებულია ფრენების განახლებით, თუმცა სახელები არ დაასახელა.
„ისინიც ადასტურებენ, რა თქმა უნდა, რომ უნდათ აქ ფრენა, ეს არის მათი საბაზო აეროპორტები, მათი საბაზო ქვეყანა“, – განაცხადა მინისტრმა უკრაინულ ავიაკომპანიებზე.