უკრაინა საარბიტრაჟო სასამართლოს სთხოვს, დაავალდებულოს რუსეთი, რომ ყირიმის ხიდის დემონტაჟი მოახდინოს
ხუთშაბათს, 3 ოქტომბერს, უკრაინამ მსოფლიოში უძველეს საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა. ოფიციალური კიევი ითხოვს, მოსკოვს იმ ხიდის დემონტაჟი დაევალოს, რომელიც რუსეთმა იმიტომ ააგო, რომ ოკუპირებული ყირიმი მატერიკთან დაეკავშირებინა. ორი ყველაზე დაუძინებელი მტერი ერთმანეთს ამჯერად აღმოსავლეთ უკრაინის ბრძოლის ველიდან შორს, ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს (PPTS) დარბაზებში შეებრძოლება. ორი კვირის განმავლობაში, დაპირისპირებული მხარეების იურისტები ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპირო წყლებზე წვდომისთვის იბრძოდნენ, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერ არის ანექსირებული. „საარბიტრაჟო სასამართლომ უნდა დაავალდებულოს რუსეთი, რომ ე.წ. ქერჩის ხიდის დემონტაჟი მოახდინოს“, – განაცხადა კიევის არგუმენტების წარდგენისას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის დირექტორმა, ოქსანა ზოლოტარევამ.
„ხიდის დემონტაჟი ერთადერთი გამოსავალია ყველა იმ ქვეყნის გემებისთვის, რომლებიც წარსულში ქერჩის სრუტეს იყენებდნენ, ასევე იმ გემებისთვის, რომლებიც ამ სრუტეს მომავალში გამოიყენებენ“, – დასძინა მან. ზოლოტარევას თქმით, რუსეთმა ხიდი ისეთ დაბალ ნიშნულზე ააგო, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სრუტეზე გავლით მნიშვნელოვანი საერთაშორისო გადაზიდვები ვერ ხერხდება, რაც ვაჭრობას აფერხებს. „ეს ხიდი რუსეთმა უკანონოდ ააშენა და ახლა მან ის უნდა დაანგრიოს, რათა ქერჩის სრუტეზე ნავიგაცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად იყოს უზრუნველყოფილი“, – აცხადებს ოფიცაილური კიევის საგარეო უწყების წარმომადგენელი. უკრაინამ ქერჩის ხიდზე მრავალი თავდასხმა განახორციელა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2022 წლის თებერვალში მის წინააღმდეგ სამხედრო შეტევა წამოიწყო.
ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში უკრაინა რუსეთს ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბერში დაუპირისპირდა, როდესაც კიევმა მოსკოვს „საზღვაო სახელმწიფოს უფლებების დაცვის“ მიზნით უჩივლა. PPTS, რომელიც 1899 წელს შეიქმნა, მსოფლიოში უძველესი საარბიტრაჟო სასამართლოა. ის იხილავს ქვეყნებსა და კერძო მხარეებს შორის დავებს სპეციალურ შეთანხმებებსა და სხვადასხვა ხელშეკრულებებზე დაყრდნობით, როგორიცაა, მაგალითად, გაერო-ს კონვენცია საზღვაო სამართლის შესახებ. 23 სექტემბერს, თავისი არგუმენტების წარდგენისას, მოსკოვის წარმომადგენელმა, გენადი კუზმინმა კიევის მოთხოვნებს „სრულიად უსაფუძვლო და უიმედო“ უწოდა.
მისი თქმით, ყირიმის ანექსიის შემდეგ, სადავო ზღვები შიდა წყლებად იქცა და, ამდენად, საერთაშორისო გადაზიდვის კანონებს აღარ ექვემდებარება. კუზმინის მტკიცებით, ქერჩის ხიდი იმისთვის აშენდა, რომ „ყირიმისთვის უკრაინული ბლოკადა მოეხსნა“. რუსეთის წარმომადგენელი უარყოფს, რომ ყირიმის ხიდი ნავიგაციას აფერხებს. „უკრაინის ყველა პრეტენზია უსაფუძვლოა, თქვენს იურისდიქციას არ ექვემდებარება და მთლიანად უნდა იქნას უარყოფილი“, – მიმართა კუზმინმა ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს. დასკვნით არგუმენტებს რუსეთი შაბათს წარადგენს. ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს, გადაწყვეტილების მისაღებად, ხშირად, თვეები და წლებიც კი სჭირდება.
წყარო: 1 არხი