21 თებერვლის ღამით რუსებმა უკრაინას 6 რაკეტითა და 19 შაჰედით შეუტიეს, რომელთაგან უკრაინელებმა 1 რაკეტისა და 13 დრონის ჩამოგდება შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა როსტოვის ოლქიდან გაუშვეს C-300-ის ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა და X-22-ის ტიპის 4 საკრუიზო რაკეტა, ბელგოროდის ოლქიდან X-59-ის მართვადი რაკეტა, ხოლო რუსეთის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან 19 შაჰედი.
“საბრძოლო სამუშაოების შედეგად X-59 მართვადი რაკეტა განადგურდა პოლტავას ოლქში, ხოლო 19 შაჰედიდან 13 ხარკოვის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში”. – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
მათივე თქმით, ზოგიერთმა დრონმა, რომელთა ჩამოგდება უკრაინამ ვერ შეძლო, სამიზნეს ვერ მიაღწია.
გარდა ამისა, დღეს, 21 თებერვალს უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, მიკოლა ოლეშჩუკმა დაწერა, რომ უკრაინამ Су-34-ის ტიპის გამანადგურებელიც ჩამოაგდო.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი აღმოსავლეთის მიმართულებით გაანადგურეს.