ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო საშუალებების მიყიდვას. პაკეტის ღირებულება 180 მილიონი დოლარია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობის შემდეგ გადაწყვეტილება 24 ივლისს გამოაცხადა თავდაცვის სამინისტროს სააგენტომ, რომელსაც თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები ეხება.
180-მილიონიანი პაკეტი მოიცავს მოდიფიკაციას და ტექნიკურ მომსახურებას, სათადარიგო ნაწილებს, სახარჯ მასალებს და რემონტის მხარდაჭერას.
დამტკიცებულია 150 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტიც, რომელიც მოიცავს თვითმავალი ჰაუბიცების М109 ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო დანადგარებს და რემონტს.
23 ივლისს ცნიბილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 322 მილიონი დოლარის ღირებულების სარაკეტო სისტემების და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიყიდვასაც.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 ივლისს ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან თეთრ სახლში შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს გავლით მიიღებს ამერიკულ იარაღს, მათ შორის სარაკეტო-საზენიტო სისტემებს Patriot.
23 ივლისს ტრამპმა ვაშინგტონში, ხელოვნური ინტელექტისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას ისევ განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და ნატოს შეთანხმებით, ამერიკულ იარაღს უკრაინისთვის ევროპელი მოკავშირეები შეიძენენ.
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპი მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო, აცხადებდა, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს და დადებითად მოიხსენიებდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.
პრეზიდენტმა ტრამპმა პოზიცია მას შემდეგ შეცვალა, რაც შეერთებულმა შტატებმა თვეების განმავლობაში ვერ შეძლო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის დათანხმება. რუსეთის არმია უკრაინას ისევ ინტენსიურად უტევს.
ბოლო ხანს ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა პუტინი და განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა მოუწევს.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას აქვს დასავლელი პარტნიორებისგან გადაცემული სხვადასხვა ტიპის იარაღი, მათ შორის საზენიტო-სარაკეტო სისტემები Patriot-ი, რომლებსაც საჰაერო თავდაცვისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მუდმივად ითხოვს მათი რაოდენობის გაზრდას.
ფორუმი
