უკრაინა და რუსეთი სამოქალაქო ობიექტებზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთის ჯარებმა 30 ივლისს უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის რეგიონებზე. ქალაქ ხარკოვში და დნეპროპეტროვსკის ოლქში მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ხარკოვში სამი ადამიანი დაიჭრა. დაზიანებულია სახლები და სუპერმარკეტი.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში დანგრეულია სატრანსპორტო საწარმო და დაზიანებულია რკინიგზის სადგური. დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობითვე, ერთი ადამიანი დაშავდა მეჟევსკის რაიონშიც, სადაც დაზიანებულია ორი სამოქალაქო საწარმო.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა 78 დრონი, მათგან 8 – რეაქტიული. საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინის ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში მოიგერიეს 71 უპილოტო საფრენი აპარატი. შვიდ ადგილზე დაფიქსირებულია 27 დრონით პირდაპირი დარტყმა.
ს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, 30 ივლისს უკრაინული დრონით დარტყმა იყო ქალაქ ბელგოროდის ერთ-ერთ მრავალსართულიან სახლზე, სადაც 10 ბინა და ფასადი დაზიანდა.
გლადკოვის ცნობითვე, უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა ბელგოროდის ოლქის დასახლებულ პუნქტ რჟევკაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ტრადიციულად დილაობით აქვეყნებს ინფორმაციას უკრაინული დრონების „გზად დაჭერასა და განადგურებაზე“ ბელგოროდის ოლქის შესახებ არაფერი უთქვამს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ