უკრაინის ხელისუფლებამ დღეს, 14 თებერვალს, გამოაცხადა, რომ ჩერნობილის დახურული ატომური ელექტროსადგურის საფარს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. უკრაინული მხარის თანახმად, რადიაციული ფონი არ გაზრდილა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, გასულ ღამით რუსული დრონი მოხვდა სადგურის მეოთხე ენერგობლოკის საფარს (სარკოფაგს), რომელიც მსოფლიოს რადიაციისგან იცავს.
ზელენსკის განცხადებით, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, უკრაინამ ეს საფარი ააშენა ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან და სხვა სახელმწიფოებთან ერთად, რომლებსაც ადამიანებისთვის უსაფრთხოება რეალურად სურთ და მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მსგავს ობიექტებზე შეტევა შეუძლია, რუსეთია. ზელენსკის თქმით, რუსეთი ტერორისტულ საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს.
უკრაინის პრეზიდენტმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მისი ინფორმაციით, ასახავს რუსული დრონით შეტევას და მის შედეგებს.
პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, წინასწარი შეფასებებით, ენერგობლოკის საფარი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რადიაციული ფონი ნორმაშია და მონიტორინგი გრძელდება.
განახლება: მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც მიუნხენში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული დრონი 85 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა, რაც ნიშნავს, რომ რადარებზე ვერ გამოჩნდებოდა. ზელენსკის შეფასებით, რუსეთმა ეს სპეციალურად გააკეთა და სარკოფაგს გამიზნულად დაარტყა სწორედ მიუნხენის კონფერენციის დაწყების დღეს.
უკრაინის პასუხად, კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთის არმია ბირთვულ ინფრასტრუქტურას თავს არ ესხმის. როგორც რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები წერენ, 14 თებერვალს, მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ჩერნობილის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა „იცის, რომ ამგვარ ობიექტებზე თავდასხმებზე ლაპარაკი ვერ იქნება” და „ნებისმიერი მტკიცება, რომ ეს ასე იყო, არ შეესაბამება სინამდვილეს”, რადგან „რუსი სამხედროები ამას არ აკეთებენ”.
პესკოვის თანახმად, როგორც ჩანს, საქმე აქვთ „კიევის რეჟიმის მორიგ პროვოკაციასთან“.
1986 წლის კატასტროფის შემდეგ დაკონსერვებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს.
იმავე წლის მარტის ბოლოს უკრაინამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა, რომ ჩერნობილზე კონტროლი დაიბრუნა.
