უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში ჩავიდა, ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა. მათ წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ზელენსკიმ აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საუბარია 60 მილიარდის პაკეტზე, რომელიც გასულ კვირას რესპუბლიკელებმა დაბლოკეს და მისი მხარდაჭერის სანაცვლოდ, მოითხოვეს საემიგრაციო რეფორმის გატარება თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შესამცირებლად.
კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე პირდაპირ მიანიშნა რესპუბლიკელ კანონმდებლებს, რომ კაპიტოლიუმში გადაწყვეტილებების მიღების შეფერხებით კმაყოფილი მხოლოდ პუტინი რჩება.
“მთელი მსოფლიო გვიყურებს და აკვირდება, თუ რა ბედი ეწევა სხვა თავისუფალ ერებს – იცხოვრებენ ისინი თავისუფლად თუ დაიმორჩილებენ. უკრაინა არ დანებებულა და არც დანებდება. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და თქვენ შეგიძლიათ, რომ უკრაინის იმედი გქონდეთ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეგვიძლია თქვენი იმედიც გვქონდეს. როდესაც თავისუფალი სამყარო ყოყმანობს, სწორედ მაშინ ზეიმობენ დიქტატორები და ყველაზე საშინელი ამბიციების განხორციელების იმედი აქვთ. ნება მომეცით, გულწრფელი ვიყო თქვენთან, თუკი ვინმე არის შთაგონებული კაპიტოლიუმის გადაუჭრელი საკითხებით, ეს მხოლოდ პუტინი და მისი ავადმყოფი ხროვაა. პუტინის მსგავს ადამიანებს თავისუფლების დაპყრობის იმედიც კი არ უნდა ჰქონდეთ. პუტინმა უნდა წააგოს”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.