უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის, მიხაილ დრაპატის განცხადებით, უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბა ჩერკასკოესთან რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ. ეს დასახლება ფრონტის ხაზიდან ასზე მეტი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
დარტყმა განხორციელდა 1 მარტს, სამხედრო დანაყოფის განლაგებისას. უკრაინის მედიასაშუალებების თანახმად, პოლიგონზე იმყოფებოდნენ 157-ე მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცები.
„ყველას, ვინც იმ დღეს გადაწყვეტილებებს იღებდა და ყველას, ვინც [გადაწყვეტილებები] დროულად არ მიიღო – პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება“, – აცხადებს დრაპატი და დასძენს, რომ მისი ინიციატივით მიმდინარეობს „დამოუკიდებელი შემოწმება სამხედრო კონტრდაზვერვის მონაწილეობით“.
პოლიგონზე დარტყმის შესახებ ცნობები 1-2 მარტს გამოჩნდა როგორც უკრაინულ, ისე რუსეთის წყაროებში სოციალურ მედიაში. ტელეგრამის ომის მომხრე რუსული არხები ირწმუნებოდნენ, რომ დაიღუპა 150-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის წყაროები იუწყებიან ათობით დაღუპულსა და ბევრ დაჭრილზე. ეს მონაცემები ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
სახმელეთო ძალებმა პოლიგონზე დარტყმა ფეისბუკზე ოფიციალურად 3 მარტს დაადასტურეს.
ფორუმი
