უკრაინა ადასტურებს, რომ პოლონეთის სამთავრობო უწყებების მიერ უკრაინის ინსტიტუტებთან ერთად ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ექსჰუმაციის სამუშაოების ჩატარებისთვის რაიმე სახის დაბრკოლება არ არსებობს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ვარშავაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ერთობლივი შეთანხმება მიიღეს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ექსჰუმაციის საკითხსაც განიხილავს.
„უკრაინა ადასტურებს, რომ პოლონეთის სამთავრობო უწყებებისა და კერძო პირების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე კომპეტენტურ უკრაინის ინსტიტუტებთან თანამშრომლობითა და უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, სამძებრო და ექსჰუმაციის სამუშაოების ჩატარებისთვის რაიმე სახის დაბრკოლება არ არსებობს და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ აღნიშნული საკითხების შესახებ მიმართვები დადებითად განიხილოს“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ ექსჰუმაციის სამუშაოები შესაძლოა, 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყოს.
შეგახსენებთ, ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ექსჰუმაციის საკითხი ორი ქვეყნის ურთიერთობებში ბოლო პერიოდში დაბრკოლებად იქცა. გასულ თვეში, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდებოდა, სანამ ვოლინის ტრაგედიის საკითხი არ მოგვარდებოდა.