უკრაინა ადასტურებს დრონებით დარტყმას მოსკოვთან მდებარე სამხედრო დანიშნულების ობიექტზე

მოსკოვის ოლქის ქალაქ სერგიევ-პოსადზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევის სამიზნე იყო ობიექტი, რომელიც რუსეთის არმიისთვის აწარმოებს „შაჰედის“ ტიპის დრონების საბრძოლო ნაწილებს.
ამის შესახებ 4 ივლისს, დღისით განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.
მისი ინფორმაციით, უკრაინის არმიის უპილოტო სისტემების ძალების ქვედანაყოფებმა თავდაცვის ძალების სხვა ნაწილებთან ურთიერთქმედებით სერგიევ-პოსადში დაარტყეს რუსეთის ფედერალურ სამეცნიერო-საწარმოო ცენტრს, გამოყენებითი ქიმიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, ეს ცენტრი აწარმოებს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების თერმობარულ საბრძოლო ნაწილებს.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, დარტყმის ობიექტის რაიონში დაფიქსირებულია ხანძარი და ძლიერი კვამლი, სხვა შედეგები კი დაზუსტების ეტაპზეა.
დღეს, 4 ივლისს დილით მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა და ქალაქ სერგიევ-პოსადის მერმა ოქსანა ეროხანოვამ ტელეგრამ-არხებით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქალაქში ოთხი დრონი ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაშავდა და ელექტროქვესადგური დაზიანდა. მათ სამეცნიერო ცენტრი არ უხსენებიათ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დილით იუწყებოდა, რომ ხუთ ოლქში „გაანადგურეს და გზად დაიჭირეს“ 48 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. რეგიონების ჩამონათვალში მოსკოვის ოლქი არ ყოფილა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – “ქართულმა ოცნებამ“ დაბნეულობის ფონზე თან ხმა მისცა რეზოლუციას, თან ვერ მისცა – მივიღეთ ე.წ. ხელისუფლების პოზიცია, რომელიც სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მხარს არ უჭერს

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს მოძალადე პოლიციელების მიმართ? – ბატონო მოსამართლე, ახლა რომ ვიდგე და ვიღაცამ შემაგინოს, ბოთლს ვესვრი კი არა, შეიძლება სახე ჩამოვუღო