უკრაინაში თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი 1.5 მილიარდი გრივნას (40 მილიონი დოლარი) მითვისების ბრალდებით დააკავეს. მიტაცებული თანხა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად იყო გათვლილი.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში (СБУ) ამბობენ, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა გასული წლის დეკემბერში სპეციალურ საექსპორტო კომპანიასთან არმიისთვის საბრძოლო მასალის საბითუმო პარტიის შეძენის კონტრაქტი გააფორმა. თუმცა ექსპორტიორის ანგარიშზე ბიუჯეტის თანხა არ გადაურიცხავთ. СБУ-ს ცნობით, მომავალში მსგავსი, ამჯერად უფრო მომგებიანი ხელშეკრულება კიდევ ერთხელ გაფორმდა, იგივე მწარმოებელთან და იმავე საარტილერიო ჭურვებზე. ახალი კონტრაქტით საბრძოლო მასალა უშუალოდ მწარმოებლისგან ხდებოდა და მცირდებოდა პროდუქტის ფასი და მიწოდების დრო.
თუმცა, ეჭვმიტანილმა, ამის მიუხედავად, სპეციალურ ექსპორტიორ კომპანიასთან წინასწარი ხელშეკრულების ვადა გაახანგრძლივა, რის შემდეგაც 1.5 მილიარდი გრივნა უცხოური შუამავლი კომპანიის ანგარიშზე ჩაირიცხა. თანხა 30%-ით აღემატებოდა კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასს.
როგორც უკრაინის სამართალდამცველ სტრუქტურებში იუწყებიან, ბრალდებულის სახლისა და ოფისის ჩხრეკვის შემდეგ დანაშაულის დამადასტურებელი სამხილები ამოიღეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მითვისებული თანხის უკან დაბრუნებას ცდილობს. გამოძიება გრძელდება და ეჭვმიტანილს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთ საწარმოსა და მისი მთავარი დირექტორის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომლებიც ხელშეკრულების გაფორმებაში იყვნენ ჩართული, პოლიგრაფზე ტესტირების გავლა მოუწევთ.