უკრაინაში შემდგომი თვეები ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იქნება. რუსეთმა იცის, რომ მომავალი ზამთარი და აშშ-ში შიდა დაპირისპირება და უკრაინასთან მიმართებით გაურკვევლობა უნდა გამოიყენოს. პუტინის გუშინდელი განცხადება რომ ამ ომის ყველა მიზანი უნდა შესრულდეს, კაპიტულაციის გარეშე რთულად იქნება მიღწეული. კაპიტულაციის მცდელობა კი ომში რესურსების ტოტალურ მობილიზებასა და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ინფრასტრუქტურის ტოტალურ განადგურებასა და იძულებაზე გადის.
უკრაინამ იცის, რომ ეს მისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის ომია. მას დასაკარგი ყველაფერი აქვს. ევროპამ იცის, რომ გამარჯვებული რუსეთი ომებს კი არ შეწყვეტს არამედ ახალ ომებსა და კონფლიქტებს წააქეზებს ევროპის შიგნით, თავად კი ჰიბრიდული სამხედრო კამპანიებით იქნება დაკავებული და ახლო სამეზობლოს თანდათანობით შეწოვასაც დაიწყებს თავისი ულტიმატუმებითა და მუქარებით. მათ შორის ვიქნებით ჩვენც. ამიტომ ახლა ევროპა ნამდვილად ვერ და არ გადმოვა უკრაინის მხარდამჭერი ნავიდან. გამარჯვებული რუსეთის შემხედვარე როგორ მოიქცევა ბევრად გაძლიერებული ჩინეთი სამეზობლოს სადაო ტერიტოტირებზე, თავად განსაჯეთ.
რუსეთმა ერთ მიზანს უკვე ნაწილობრივ მიაღწია ამ ომში – არსებული საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი თითქმის აღარ არსებობს (ან ზოგან არსებობს და ზოგან არა) და ეს ტრამპის სამშვიდობო გეგმის წინადადებაში გამოიხატა. როცა შეგიძლია დამპყრობელს შესთავაზო და გაუფორმო დაპყრობა და ხალხის მასობრივი განადგურება და მსხვერპლს დაუწესო შეზღუდვები, ესე იგი ლიდერის პოზიციებსაც თმობ და შენივე ხელით შექმნილ საერთაშორისო წესრიგსაც უარყოფ. საბედნიეროდ დასავლეთი ერთ სვეტზე არ დგას მხოლოდ, მაგრამ პროცესი საკმაოდ ცუდია. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, ხვალ ტრამპი რომ გამოვიდეს და თქვას – უკრაინას ისევ ვუჭერ მხარსო (მისი არაპროგნოზირებადობიდან გამომდინარე). მაგრამ მთავარი არა სიტყვები, არამედ შედეგია: საერთაშორისო მშვიდობა რუსეთის დამარცხების ან მისი იძულების გარეშე უბრალოდ ვერ მიიღწევა.




