უკრაინაში ქართველი მებრძოლი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

უკრაინაში, ოჯახი უკვე თვეზე მეტია, 24 წლის ვალერი ქარჩხაძეს, მამით ქართველს და დედით უკრაინელ მებრძოლს ეძებს. უკრაინის არმიის, ნიკოლაევის 79-ე ცალკეული სადესანტო-საშტურმო ბრიგადის (79 окрема десантно-штурмова Таврійська бригада) ჯარისკაცი, საბრძოლო საძახისით, „ქართველი“, მაისის შუა რიცხვებში, დონეცკის ოლქში საომარი მოქმედებების დროს, უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
„ვალერი ბოლოს კავშირზე 18 მაისს გამოვიდა. 21 მაისიდან კი, როცა მისი ქვედანაყოფი საბრძოლო დავალებას, დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში ასრულებდა, მასთან კავშირი გაწყდა” ნატალია ქარჩხაძე, ვალერი ქარჩხაძის დედა
როგორც დედა ნატალია ქარჩხაძე ამბობს, „ვალერი ბოლოს კავშირზე 18 მაისს გამოვიდა. 21 მაისიდან კი, როცა მისი ქვედანაყოფი საბრძოლო დავალებას, დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში ასრულებდა, მასთან კავშირი გაწყდა. სავარუდოდ, იგი სოფლების ნოვომიჰაილოვჰკასა და პარასკოვიევკას შორის არსებულ ბუფერულ ზონაში დაიკარგა“.
მდინარე სუჰი იალისთან ახლოს, სოფელ ნოვომიჰაილოვჰკაზე კონტროლი უკრაინის არმიამ სწორედ მაისის ბოლოს დაკარგა, თუმცა 79-ე ცალკეული სადესანტო-საშტურმო ბრიგადა ამ დრომდე ინარჩუნებს პოზიციებს სოფელ პარასკოვიევკაში, რომლის აღებას ოკუპანტები თვეზე მეტია უშედეგოდ ცდილობენ.
ეს პოზიცია აღმოსავლეთის ფრონტის, ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, უკრაინის არმიის კონტროლქვეშ მყოფ ქალაქ უჰლედარსა და რუსი ოკუპანტების მიერ ანექსირებულ ქალაქ მარინკას შორის მდებარეობს.
ვალერი ქარჩხაძე ში დაიბადა და დასთან ერთად ქალაქ ვინიცაში იზრდებოდა. მოგვიანებით, საცხოვრებლად კიევში გადავიდა. იგი უკრაინის მოქალაქეა, თუმცა დიდი სანათესაო იმერეთში ჰყავს. ოჯახმა ვალერის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია უკრაინული მედიით გაავრცელა და დახმარებას ითხოვს.
უკრაინის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ერთიან სახელმწიფო რეესტრში. 50 ათასზე მეტი უკრაინის მოქალაქეა შეყვანილი, აქედან 37858 უკრაინელი, 2022 წლის თებერვლის შემდეგ, უკრაინაში რუსი ოკუპანტების შეჭრის შემდეგ დაიკარგა
ვინაიდან ქარჩხაძეს ამ ეტაპზე, უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი აქვს, იგი ავტომატურად მოხვდა, უკრაინის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ერთიან სახელმწიფო რეესტრში.
უკრაინამ ეს რეესტრი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს, შარშან ოქტომბერში აამუშავა. 2024 წლის ზაფხულისთვის, რეესტრში, უგზო-უკვლოდ დაკარგული 50 ათასზე მეტი უკრაინის მოქალაქეა შეყვანილი, როგორც სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები. აქედან 37858 უკრაინელი, 2022 წლის თებერვლის შემდეგ, უკრაინაში რუსი ოკუპანტების შეჭრის შემდეგ დაიკარგა.
ივნისის მონაცემებით, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა რიცხვმა 84 მიაღწია. 27 ივნისს, ავდიივკას მიმართულებაზე, ქართველ მოხალისეთა დაჯგუფება, სპეციალური დანიშნულების დანაყოფის „თბილისის“ მებრძოლი, 43 წლის ბათუმელი ამირან ზოიძე დაიღუპა. მისი ცხედარი ჯერ ბრძოლის ველიდან გამოსვენებული არ არის.
„ამირანი იყო ადამიანი რომელსაც სჯეროდა რომ ეს უსამართო ომი უნდა დასრულებულიყო და ჩვენი ვალი ამ ომში ძალზედ დიდია რადგან ჩვენი საერთო მტერი იყო ყოველთვის . დავკარგე მამუკა, ნიკა მიშა, დათო…ასობით ქართველი, მაგრამ ღირსებას არასდროს დავკაკარგავთ, არასდროს დავკარგავთ ჩვენი ქვეყნის სიყვარულს და იმის იმედს რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს“ – ამბობს ამირან ზოიძის თანამებრძოლი ავთანდილ სურმანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს