უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე,”მედიახმა” 2024 წლის „ისტორიის მცველებს“ დააჯილდოებს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზატორები ავრცელებენ.
მათივე ცნობით, დაჯილდოების ცერემონია 24 თებერვალს, 11:30 საათზე გაიმართება.
„წელს სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა 11 გამარჯვებული უკრაინასა და საქართველოში, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში თავისი წვლილი შეიტანეს რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, ნამდვილი ისტორიული ნარატივების წარმოჩენასა და დაცვაში, უკრაინის მიმართ სოლიდარობის გაძლიერებაში.
„ისტორიის მცველების“ ჯილდო დაწესდა 2022 წელს და ის მიღებული აქვთ ქართველ და უკრაინელ ჟურნალისტებს, აქტივისტებს, მეცნიერებსა და ხელოვანებს. ღონისძიებას დაესწრებიან უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი ანატოლი ხრისტენკო, ევროკავშირის დელეგაციის, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დახმარებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების სტიპენდიის ფარგლებში.”, – ნათქვამია ინფორმაციაში.