უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს „უკრაინელი ხალხის ეროვნული მეხსიერების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ“, რომელშიც ოფიციალურად გამყარდა „რაშიზმის“ ცნება – იტყობინებიან უკრაინის რადაში.
ამ კანონში „რაშიზმი“ წარმოდგენილია ტოტალიტარული იდეოლოგიისა და პრაქტიკის ახალ სახედ, რომელსაც ეფუძნება რეჟიმი რუსეთის აგრესორ სახელმწიფოში და რასაც საფუძვლად უდევს რუსეთის შოვინიზმი და იმპერიალიზმი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური რეჟიმისა და „ნაციზმის“ პრაქტიკა.
კანონში განმტკიცებულია უკრაინელების, უკრაინული ენისა და უკრაინული კულტურული მემკვიდრეობის მეხსიერების დაცვის მექანიზმები და განხილულია უკრაინის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ნაწილად.
„აგრესორი სახელმწიფო [რუსეთი] მანიპულირებს ისტორიული მოვლენების ინტერპრეტირებით“ – კანონში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიით რუსეთი ცდილობს „წაშალოს უკრაინელების ისტორიული მეხსიერება“.
უკრაინელი ხალხის ეროვნული მეხსიერების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად პრინციპებს შორის კანონი გამოყოფს:
· ადამიანის ღირსების პატივისცემას;
· პოლიტიკურ მიუკერძოებლობას;
· ისტორიული სიზუსტის მეცნიერულ დაცვას;
· გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის, აგრესიის, სამხედრო დანაშაულების, ადამიანის უფლებების დარღვევის დაუშვებლობას;
· ტოტალიტარული რეჟიმების, რუსეთის იმპერიული პოლიტიკისა და რაშიზმის დანაშაულების აღიარება;
· უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ხანგრძლივი ბრძოლის აღიარებას;
· აკადემიური დისკუსიებისა და საზოგადოებრივი დიალოგის თავისუფლებას.
კანონში განმტკიცებულია არაერთი ცნება, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხისთვის: „ომი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის“, „ეროვნული მეხსიერება“, „ისტორიული ანტიუკრაინული პროპაგანდა“, „დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“.
სახელმწიფო იღებს ვალდებულებას – ყოველმხრივ შეუწყოს ხელი ისტორიულ კვლევებსა და უკრაინის ისტორიის პოპულარიზაციას.
ტერმინი „რაშიზმი“ ფართოდ დამკვიდრდა უკრაინაში რუსეთის მეორედ [2022 წლის თებერვალი] შეჭრის შემდეგ. არქივის თანახმად, მანამდე ეს ტერმინი გამოიყენებოდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომისა [2008] და უკრაინული ყირიმის ანექსიის [2014] ფონზე.
„რაშიზმთან“ დაკავშირებით უკრაინის პარლამენტს [2023 წელს] დამტკიცებული აქვს სპეციალური განცხადებაც, რომელმაც “რაშიზმს” რუსეთის ოფიციალური იდეოლოგია უწოდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, ეს ტერმინი, სხვადასხვა დროს, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებსა თუ დოკუმენტებში მოხვდა.
„რაშიზმთან“ დაკავშირებული კანონი უკრაინის რადამ 21 აგვისტოს დაამტკიცა. პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კანონი ძალაში შედის.
ფორუმი
