უკრაინაში პროტესტი მოჰყვა ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შემზღუდავ კანონს

უკრაინის პრეზიდენტმა მ ხელი მოაწერა პარლამენტის, ვერხოვნა რადას მიერ 22 ივლისს დამტკიცებულ კანონპროექტს, რომელიც ზღუდავს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას და ამ ორგანოებს ფაქტობრივად, უქვემდებარებს გენერალურ პროკურორს.
უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ და პარტია „ბატკივშჩინის“ დეპუტატების ხმათა უმრავლესობით მიღებულ კანონპროექტს ზელენსკიმ ხელი 22 ივლისს, დღის ბოლოს მოაწერა მიუხედავად ახალი კანონის წინააღმდეგ უკრაინის ქალაქებში დაწყებული საპროტესტო აქციებისა, რომელთა მონაწილეები ვეტოს მოითხოვდნენ.
როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, პარლამენტის საიტზე ჯერ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა კანონპროექტს ხელი მოაწერა, შემდეგ ეს ინფორმაცია წაიშალა, მოგვიანებით კი ისევ გამოჩნდა.
დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა პარლამენტის ოფიციალურ გაზეთში, რაც ნიშნავს, რომ კანონი ძალაშია.
პარლამენტის წევრმა პროევროპული პარტიიდნ „გოლოს“ იაროსლავ ჟელეზნიაკმა განაცხადა, რომ კანონის მოწინააღმდეგე დეპუტატების ჯგუფი საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს აპირებს.
· უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო 2015 წელს შეიქმნა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანო სპეციალური სტატუსით.
· ბიუროს ამოცანაა გამოავლინოს და აღკვეთოს კორუფციული და სხვა სისხლისსამართლებრივი დანაშაული მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან და დანაშაული, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.
· სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა პროცესუალურად ხელმძღვანელობს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ წარმოებულ საქმეებს.
როგორც უკრაინული მედია წერს, ახალი კანონის თანახმად, უკრაინის გენერალურ პროკურორს უფლება აქვს სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელის უფლებამოსილება სხვა პროკურორებს გადასცეს, მოითხოვოს ნებისმიერი საქმის მასალები და სხვა პროკურორებს გადასცეს, ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს მისცეს სავალდებულოდ შესასრულებელი წერილობითი მითითებები და ბიუროს წარმოებაში არსებული საქმეები გამოსაძიებლად სხვა ორგანოებს გადასცეს.
22 ივლისს, პარლამენტში კენჭისყრის წინ უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და დეპუტატებს მიმართეს, უარი ეთქვათ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რადგან ბიურო დამოუკიდებლობას კარგავს და გენერალური პროკურატურის ქვედანაყოფი ხდება, ხოლო სპეციალური პროკურატურის ხელმძღვანელი – ნომინალური ფიგურა და ინგრევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 2015 წლიდან აშენებული ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა.
თავის მხრივ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ კიევში 22 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გაუგებარია ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის დაკარგვასთან დაკავშირებული ეჭვები. კრავჩენკოს თქმით, ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო გენერალურ პროკურატურას არ ექვემდებარება, ხოლო სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა დეპარტამენტის სტატუსით რჩება, „ერთი ოჯახი იქნებიან“ და ერთმანეთს დაეხმარებიან.
ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შემზღუდავი ახალი კანონის გაუქმების მოთხოვნით 22 ივლისს, საღამოს საპროტესტო აქციები გაიმართა კიევში, ლვოვში, ოდესაში, სუმიში, დნეპროპეტროვსკსა და ლუცკში.
კიევში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო რუსეთთან ომის ვეტერანი დმიტრო კოზიატინსკი, რომელმაც განაცხადა, რომ არ უნდა დაუშვან „იანუკოვიჩის დროში დაბრუნება“. მან პოლიტიკოსებს მოუწოდა, თავი შეიკავონ აქციის მხარდაჭერისგან. კიევში აქციაზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო.
გვიან ღამით ეროვნული ანტიკორუციული ბიუროს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ბიურო აქციების მონაწილეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, ნდობის ნიშნად აღიქვამს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ნდობა გაამართლოს და გამოძიების დამოუკიდებლობა ჩარევებისგან დაიცვას.
გვიან ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გამოხმაურებია საპროტესტო აქციებს და კანონის ხელმოწერის ფაქტს. ზელენსკის განცხადებით, ესაუბრა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელებს, გენერალურ პროკურორს და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს და „არის სხვადასხვა გამოწვევა“, რაც განიხილეს.
ზელენსკის თანახმად, „ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა იმუშავებს, მაგრამ რუსული გავლენის გარეშე და სამართლიანობაც მეტი უნდა იყოს“.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა იმუშავებენ, გენერალური პროკურორი კი განწყობილია, რომ კანონის დამრღვევთა დასჯა რეალურად უზრუნველყოფილი იყოს.
21 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყეს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლების წინააღმდეგ. უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გენერალური პროკურორის ოფისთან ერთად დაიწყო სპეციალური ოპერაცია, რომლის მიზანია ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში „რუსული გავლენის ნეიტრალიზაცია“.
22 ივლისს გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ გაავრცელა ევროკომისიის სპიკერ გიიომ მერსიეს კომენტარი, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია უკრაინის ბოლოდროინდელი ქმედებებით თავისი ანტიკორუფციული ინსტიტუტების მიმართ, რადგან ამ ორგანოებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ რეფორმების განსახორციელებლად და კორუფციასთან საბრძოლველად დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდნენ.
ფორუმი