მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ ისინგერმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოება ამჟამად უკრაინის წყალობითაა დაცული.
„ევროპა უსაფრთხოდაა, რადგან უკრაინელებმა წლების განმავლობაში წარმატებით შეაჩერეს ძლიერი რუსული არმია საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის წარმოუდგენლად გაჭიანურებულ ბრძოლაში“, – განაცხადა ისინგერმა.
ვოლფგანგ ისინგერის თქმით, ნამდვილი გამოწვევები სწორედ ომის დასრულების შემდეგ დაიწყება. როგორც მან აღნიშნა, ომის დასრულება ევროპაში მშვიდობას ვერ უზრუნველყოფს.
„ომი როდესაც დასრულდება და იარაღი დადუმდება, რუსეთს დრო ექნება გადაჯგუფებისთვის. ახლა უკრაინელები ატარებენ ტვირთს. როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ, ევროპელებმა უნდა ავიღოთ ამ ტვირთის გაცილებით დიდი წილი“, – აღნიშნა ისინგერმა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი უსაფრთხოების სტრატეგია ევროპისთვის იდეოლოგიურ გამოწვევას წარმოადგენს.
1tv.ge




