უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს 2 ბერი არასრულწლოვანებზე სექსუალურ დანაშაულში ამხილეს

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 30 მარტს განაცხადა, რომ ხარკოვში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ორი ბერი არასრულწლოვანი გოგოების მიმართ სავარაუდო სექსუალურ დანაშაულში ამხილეს.
გამომძიებლების მიხედვით, საქმე ეხება 52 წლის ახლად აღკვეცილ ბერსა და 24 წლის მღვდელმონაზონს. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ორივე ეჭვმიტანილს ბრალი უკვე წარუდგინეს და გამოძიებასთან ერთად მათ შესაძლოა, დამატებითი სამართლებრივი კვალიფიკაციაც წარედგინოთ.
პროკურორების თქმით, 52 წლის ბერი თავის სახლში გოგოებს ტკბილეულობის შეთავაზებით იტყუებდა, რის შემდეგაც მათ აბაზანაში შესვლას, ტანსაცმლის გახდასა და შხაპის მიღებას აიძულებდა.
გამომძიებლების განცხადებით, ბერი მსხვერპლს სურათებსა და ვიდეოებს იღებდა და კადრებს საკუთარ ტელეფონში ინახავდა. სამართალდამცავების მიხედვით, ეჭვმიტანილი ბავშვთა პორნოგრაფიის შექმნისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს.
ამასთან, გამოძიების დროს მსხვერპლთაგან ერთ-ერთმა, 14 წლის გოგომ, სექსუალური ძალადობის შესახებაც განაცხადა.
ამას გარდა, ბრალი ამავე ეკლესიის 24 წლის მღვდელმონაზონსაც წარუდგინეს, რომელმაც, გამომძიებლების თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში 14 წლის გოგოზე მონსტრის სარდაფში სექსუალურად იძალადა.
უკრაინული მედიის ცნობით, 52 წლის ბერი დააპატიმრეს და მას 998 400 ჰრივნას ($27 000) ოდენობის გირაო შეუფარდეს, ხოლო მღვდელმონაზონს შინაპატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, პროკურატურაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და ორივე ეჭვმიტანილისთვის წინასწარ პატიმრობას მოითხოვენ.