უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან თითქმის 2 წლის შემდეგ, მთავრობა ცდილობს შეცვალოს და გაამკაცროს მობილიზაციის შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც უკრაინის ხელისუფლებას ომში უფრო მეტი სამხედროს გაწვევის საშუალება ექნება. კიევი ამბობს, რომ უკრაინელთა ნაწილი თავს არიდებს ომში წასვლას.
უკრაინის მმართველი ძალის მიერ შემუშავებულ გამკაცრებულ კანონპროექტს ამ ეტაპზე საჭირო მხარდაჭერა არ აქვს. კანონმდებელთა ნაწილის თქმით, ის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის და ზრდის კორუფციის რისკებს.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა 12 იანვარს განაცხადა, რომ მისი აზრით, გამკაცრებულ კანონს პარლამენტი უახლოეს პერიოდში მიიღებს. ის არ გამორიცხავს, რომ პროცესს რამდენიმე კვირა ან სულაც თვე დასჭირდეს, რადგან კანონპროექტში პარლამეტის სხვადასხვა კომიტეტმა შესწორებები უნდა შეიტანოს.
კანონპროექტის პირველი მოსმენა ამ კვირაში უნდა გამართულიყო, თუმცა ეს არ მოხდა. უკრაინულ არხთან საუბრის დროს, პოდოლიაკი განმარტავს, რომ პირველი მოსმენა „უახლოეს რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ კვირაში გაიმართება და მას კენჭი ეყრება“.
პოდოლიაკი კოლეგა პოლიტიკოსების ნაწილზე, ვისაც მობილიზაციის კანონპროექტზე კრიტიკული პოზიცია აქვს, ამბობს, რომ მათ არ სურთ არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი აღნიშნავს, რომ პროექტში არის ხარვეზები, რომელთა შესწორებაც კანონმდებლებთან ერთად მოხდება.