11 იანვარს უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, თავისი ხანგრძლივობით – 1418 დღე – გაუტოლდა ე.წ. „დიდ სამამულო ომს“, რომელიც საბჭოთა ისტორიოგრაფიის მიხედვით, 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო და 1945 წლის 9 მაისამდე გაგრძელდა.
11 იანვრის გამთენიისას რუსეთმა უკრაინას შეუტია 154 მოიერიშე დრონით, რომელთაგან 125 ჩამოაგდეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. დაფიქსირდა 22 აფეთქება 18 ადგილზე.
რუსულმა დრონებმა დაბომბეს ხარკოვი. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, სლობიდის რაიონში დრონმა მწყობრიდან გამოიყვანა ინფრასტრუქტურული ობიექტი – გაჩნდა ხანძარი. გამთენიისას ამავე ტერიტორიაზე კიდევ ერთი იერიში განხორციელდა. უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, რეგიონში სულ რვა ადამიანი დაშავდა.
რუსეთის დრონების იერიშის გამო ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქის ნაწილში რამდენიმე საათით სრულად გაითიშა ელექტროენერგიის მიწოდება. ზაპოროჟიეს სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის თქმით, საჰაერო იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ჟიტომირის ოლქში რუსულმა დრონებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს შეუტიეს. სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელის, ვიტალი ბუნეჩკოს თქმით, ორი ადამიანი დაშავდა. გაჩნდა ხანძრის რამდენიმე კერა, რომელთა ჩაქრობას განმეორებითი საჰაერო იერიშები ართულებდა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ენერგეტიკოსები და სარემონტო ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რათა აღადგინონ ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგება მოსახლეობისთვის.
„ამ კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 100-მდე თავდასხმის დრონი, 890-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა – ბალისტიკური, ფრთოსანი და „ორეშნიკის“ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტაც კი. მათ დაარტყეს სამიზნეებს, რომლებსაც არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვთ – ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ შენობებს. ისინი მიზანმიმართულად ელოდნენ ყინვას, რათა ჩვენი ხალხისთვის სიტუაცია გაეუარესებინათ. ეს არის მიზანმიმართული, ცინიკური რუსული ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამჟამად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის შიდა მდგრადობა და თავდაცვის გაძლიერებისკენ მიმართული მუშაობა. ზელენსკის განცხადებით, საჭიროა სტაბილური მხარდაჭერა უკრაინისთვის, მისი თავდაცვისთვის და კოორდინირებული დიპლომატია მშვიდობისთვის.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიჰას თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაზე ბოლო დროს განხორციელებულ დარტყმებთან (მათ შორის ახალი ბალისტიკური რაკეტის „ორეშნიკის“ გამოყენებასთან) დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭო 11 იანვარს შეიკრიბება.
www.radiotavisupleba.ge




