უკრაინაში ლატვიური ფულის „მოპარვის“ შესახებ დეპუტატ შლესერსის ბრალდებებს საქველმოქმედო ორგანიზაცია უარყოფს

ამ დღეებში სოციალურ ქსელებში ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია ლატვიის სეიმის დეპუტატის, აინარ შლესერსის მიერ გაზიარებულმა ვიდეომ, რომელშიც უკრაინის უმაღლესი რადას ერთ-ერთი წევრი მის ქვეყანაში კორუფციულ სკანდალზე საუბრობს. ვიდეოს შინაარსიდან გამომდინარე, შლესერსი სვამს შეკითხვას – რაში ხარჯავს ლატვიის მიერ შეწირულ ფულს? საქველმოქმედო ორგანიზაცია Ziedot.lv-მ „ლატვიის ტელევიზიას“ განუცხადა, რომ უკრაინა, მიღებული და გამოყენებული შემოწირულობების შესახებ, ლატვიაში ანგარიშებს (reports) აგზავნის.
შლესერსის მიერ გაზიარებულ ვიდეოში, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, კორუმპირებულ საჯარო მოხელეზე საუბრობს, რომლის სახლში დაახლოებით 6 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული იპოვეს. ეს ქალი უკრაინაში შშმ პირთა საკითხების კომისიას ხელმძღვანელობს. გონჩარენკოს ვარაუდით, ამ ქალს ფულს, ჯანმრთელი წვევამდელების შშმ პირებად დარეგისტრირების გზით, ჯარში გაწვევის თავიდან აცილებაში უხდიდნენ.
გამოცემა „კიევ ინდეპენდენტის“ ცნობით, ფული ორ უკრაინელ ჩინოვნიკს – ხმელნიცკის სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელს და მის შვილს აღმოუჩინეს. საქმე ეხება ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებას, რათა ინვალიდებად უკანონოდ დარეგისტრირებულიყვნენ ის მამაკაცები, რომლებიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ცდილობდნენ.
იმავდროულად, დეპუტატმა და ოპოზიციური პარტია „ლატვია უპირველეს ყოვლისა“-ს („Latvia First“) ლიდერმა, აინარ შლესერსმა X-ის ვებგვერდზე გონჩარენკოს ვიდეო გააზიარა და დასვა შეკითხვა – სად მიდის ლატვიაში მოგროვილი და უკრაინაში გაგზავნილი შემოწირული თანხა? თუმცა, გონჩარენკოს ვიდეოში ლატვია ან შემოწირულობები ნახსენები საერთოდ არ არის, მასში საუბარია სხვა ქრთამებზე, რომლებიც უკრაინელებს ჯარში სამსახურის თავიდან აცილებისთვის უნდა გადაეხადათ.
„ლატვია ეხმარება და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მაგრამ იქ დიდი კორუფციაა. საუბარია ყველა იმ ფულზე, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები უკრაინას სწირავენ. რა ხდება უკრაინაში? ეს ომი ვინმესთვის ბინძურ ბიზნესად ხომ არ იქცა? მე სწორედ ეს მაწუხებს“, – აცხადებს შლესერსი.
მას არ დაუკონკრეტებია, რატომ აქვს ეჭვი, რომ დონორების ფული მიითვისეს.
„ვფიქრობ, ლატვიელმა პოლიტიკოსებმა, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა აუცილებლად უნდა გააგრძელონ. თუმცა, ყურადღება უნდა მივაქციოთ იქ მიმდინარე სკანდალებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. განა, არ ხდება ხოლმე, რომ ფულის ნაწილს იპარავენ?“, – ამბობს შლესერსი.
რიგის სტრადინშის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კომუნიკაციების საკითხების მკვლევარი, ილვა სკულტე აღნიშნავს: „ეს, გარკვეულწილად, ნამდვილად არის ერთ-ერთი ელემენტი, რომელსაც შლესერსი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. აქ უნდა დავსვათ კითხვა: რომელია ეს ელემენტი? მიზანმიმართული თავის მოტყუება ხომ არა? ერთია გჯეროდეს, მაგრამ მეორეა ის ემოციები, რომლის გამოწვევასაც ის ჩვენში ცდილობს, რათა ხელი შეგვიშალოს სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნის რაციონალურად აღქმაში“.
ვებსაიტი „Ziedot.lv“-ის ხელმძღვანელი, რუთა დიმანტა განმარტავს, რომ ლატვიიდან უკრაინაში იგზავნება არა ნაღდი ფული, არამედ პრაქტიკული დახმარება – დრონები, ავტომანქანები, ღამის ხედვის მოწყობილობები და სხვა საქონელი.
მისივე განცხადებით, უკრაინიდან ის შესაბამის ანგარიშებსაც იღებს.
„ყოველი ასეთი განცხადება, ფაქტობრივად, ძირს უთხრის უკრაინის დახმარებას. ქველმოქმედება კი, რეპუტაციის გარდა, სხვა არაფერია. სწორედ ამიტომ, „Ziedot.lv“ თავის პროექტებს, რომლებისთვისაც ფულს ვაგროვებთ, ვებსაიტზე აქვეყნებს და აღწერს, რა შეიძინა და ვის გადასცა. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია წარმოვაჩინოთ ჩვენი გამჭვირვალობა და ყველას დავუმტკიცოთ, რომ ნამდვილად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს“, – ამბობს დიმანტა.
„თუ არის ვინმე ისეთი, ვინც ლატვიის შემოწირულობებთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ კორუმპირებულია უკრაინაში, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ასობით ათასი ადამიანი და ბავშვი, რომლებმაც ომში მშობლები დაკარგეს, დახმარების გარეშე უნდა დარჩეს“, – დასძინა მან.
წყარო: 1tv.ge