გაეროს ინფორმაციით, 2014 წლიდან, რაც რუსეთი პირველად შეიჭრა უკრაინაში, ქვეყნის მოსახლეობა თითქმის 10 მილიონით შემცირდა. დემოგრაფიული პრობლემები ომამდეც ჰქონდა უკრაინას, სადაც ევროპაში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. უკეთესი ცხოვრების ძიების მიზნით ქვეყანას ხალხი ადრეც ტოვებდა. რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ კი პრობლემა უფრო მეტად გაამწვავა.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ფლორენს ბაუერი ამბობს, რომ ეს სერიოზული დანაკარგია ადამიანური რესურსისა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია აღდგენისა და უკრაინის მომავლის მშენებლობისთვის.
უკრაინის მოსახლეობის კლების ძირითადი მიზეზი ისაა, რომ უამრავმა ლტოლვილმა დატოვა ქვეყანა, ამას რუსეთთან ომში დაღუპულთა რაოდენობაც ემატება.
უკრაინის მოსახლეობა, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 37 მილიონ 441 ათას შეადგენდა. გაეროს მიერ ივლისში გაკეთებული პროგნოზით, 2100 წლისთვის მოსახლეობა შეიძლება 15,3 მილიონ ადამიანამდე შემცირდეს.
წყარო: ევრონიუსი