ნოემბრის პირველი ნახევარი, ძალიან მძიმე გამოდგა უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეებისთვის. აღმოსავლეთის ფრონტზე, ოთხი ქართველი დაიღუპა, 9 დაიჭრა, ორი კი რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდა. 16 ნოემბერს, ბახმუტის ფრონტზე, სოფელ კლიშჩიივკასთან 31 წლის სოხუმელი ნიკოლოზ გელენიძე დაბომბვის დროს დაიჭრა და სისხლისგან დაიცალა.
“ნიკა ორ აზერბაიჯანელ მებრძოლთან ერთად, იმყოფებოდა ოპერაციაზე, რომლის მიზანიც ოქტომბრის ბოლოს, კლიშჩიივკასთან დაღუპული ჩვენი მებრძოლის ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოსვენება იყო.
ნიკა 1992 წელს გაგრის დაცემიდან 3 დღეში, სამგზავრო კატერ „განთიადი-7“-ზე დაიბადა, რომელსაც ეთნიკურ წმენდას გამოქცეული ქართველი დევნილები ფოთში გადმოჰყავდა
სამწუხაროდ, მტერმა დრონებით ჯგუფი აღმოაჩინა, რასაც ძლიერი დაბომბვა მოჰყვა. ნიკა მძიმედ დაიჭრა, სისხლისგან დაიცალა და ადგილზე დაგვეღუპა. ჩვენთან მოსვლამდე იგი „შავი არწივის“ დანაყოფში იბრძოდა“ – განაცხადა გოჩა ხორავამ, სპეციალური დანიშნულების რაზმ „თბილისის“ მეთაურმა. ეს შენაერთი უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 49-ე ცალკეული ქვეითი ბატალიონის ნაწილია.
წარმოშობით სოხუმელი ნიკოლოზ გელენიძე 1992 წელს, აფხაზეთის ომის დროს, გაგრის დაცემიდან 3 დღეში, 9 ოქტომბერს, სამგზავრო კატერ „განთიადი-7“-ზე დაიბადა, რომელსაც ეთნიკურ წმენდას გამოქცეული ქართველი დევნილები აფხაზეთიდან ფოთში გადმოჰყავდა. სოხუმელმა დედამ, 17 წლის ფეხმძიმე ლია ჩორგოლაშვილმა ნიკა ღია ზღვაში გააჩინა.
ნიკა გელენიძე, რომელიც ფოთში გაიზარდა და ცხოვრობდა, უკრაინაში საბრძოლველად შემოდგომის დასაწყისში წავიდა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ქართველი მებრძოლის პანაშვიდი 21 ნოემბერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, კიევის წმინდა ვოლოდიმირის საკათედრო ტაძარში გაიმართა.
დავკარგეთ ძალიან მაგარი და გამოცდილი მებრძოლები რამაზი და ბექა. ლეგიონის 11 მებრძოლი დაიჭრა, მძიმედ დაჭრილებიც გვყავს მამუკა მამულაშვილი, “ქართული ლეგიონის” მეთაური
გელენიძის დაღუპვამდე, ორი დღით ადრე მძიმე დანაკარგი „ქართულმა ლეგიონმა“ განიცადა. გასაიდუმლოებული ოპერაციის დროს, დროებით ანექსირებულ ქალაქ ჰორლივკას მიმართულებით, საქართველოს თავდაცვის ძალების თადარიგის სერჟანტი, 45 წლის გალელი რამაზ ფეტელავა და 24 წლის ვაზიანელი ბექა ლომაშვილი დაიღუპნენ. „ლეგიონმა“ დაჭრილების სახით ასევე, 11 მებრძოლი დაკარგა.
რამაზ ფეტელავა 19 წელი ემსახურა საქართველოს არმიას, იყო აგვისტოს ომის და არაერთი მისიის მონაწილე; ქართულ ჯარში და საფრანგეთის ლეგიონში იმსახურა უკრაინაში ჩასვლამდე ბექა ლომაშვილმა, რომელმაც ვაზიანის მე-2 საშუალო სკოლა დაამთავრა.
„ოპერაციის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, სამწუხაროდ, დავკარგეთ ძალიან მაგარი და გამოცდილი მებრძოლები რამაზი და ბექა. ლეგიონის 11 მებრძოლი დაიჭრა, მძიმედ დაჭრილებიც გვყავს, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ – განაცხადა მამუკა მამულაშვილმა, „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა.
11 ნოემბერს, ასევე აღმოსავლეთის ფრონზე, გასაიდუმლოებული ოპერაციის დროს დაიღუპა, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი ინსტრუქტორი და გამნაღმველი, 25 წლის რუსთაველი ირაკლი ქურციკიძე. ირაკლი უკრაინაში 2022 წლის მაისში წავიდა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალურ ქვედანაყოფში ირიცხებოდა.