უკრაინაში დაღუპული თენგიზ ჭანია განმუხურში დაკრძალეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული დან დევნილი მებრძოლი, 48 წლის თენგიზ ჭანია, მშობლიურ ოტობაიასთან ახლოს, ოკუპირებული გალის რაიონის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ განმუხურში სამხედრო პატივით დღეს დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდზე ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებმა და მოქალაქეებმა. განმუხურში ჩავიდა უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი.
მისი სიტყვებით, მესამე წელია, რაც უკრაინელებთან ერთად ქართველი მეომრები იბრძვიან და სიცოცხლეს სწირავენ საერთო მტერთან, რუსეთთან ბრძოლაში. სერგეი კრავჩუკის თქმით, თენგიზ ჭანია ერთ-ერთი ასეთი მებრძოლია, რომელმაც სიცოცხლე დათმო უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის.
თენგიზ ჭანია ბრძოლის წინა ხაზზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან აფეთქებას 22 მარტს ემსხვერპლა. მისი ცხედრის გამოტანა თანამებრძოლებმა ადგილზე მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების გამო მხოლოდ სამი დღის შემდეგ, 25 მარტს, შეძლეს. სამშობლოში კი 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენეს. 48 წლის მებრძოლი ს მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიიდან დევნილი იყო.
მშობლიური სოფლის იძულებით დატოვების შემდეგ ოჯახთან – ცოლთან და ორ შვილთან – ერთად თენგიზ ჭანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში დასახლდა. აქვე ცხოვრობს მისი ტყუპისცალი ძმა. ოკუპაციისა და საფრთხის მიუხედავად, მებრძოლის მშობლები მშობლიურ ოტობაიაში დარჩნენ.
თენგიზ ჭანია გამოცდილი მეომარი იყო. მონაწილეობდა აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ის ში ომის დაწყების პირველივე დღიდან წავიდა. ამ ხნის განმავლობაში ორჯერ დაიჭრა, თუმცა ბრძოლა არ შეუწყვეტია.
თენგიზ ჭანია უკრაინის შეიარაღებული ძალების „აზოვის“ პოლკის შემადგენლობაში ირიცხებოდა და როგორც გამოცდილი მებრძოლი, ძირითადად ომის წინა ხაზზე იყო.
რუსეთი უკრაინაში ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. დღემდე ამ საომარ ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.