პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ შიკორსკი ირწმუნება, რომ უკრაინაში დასავლელი სამხედროები უკვე იმყოფებიან და ეს “ცხადი საიდუმლოა”. ამის შესახებ მან გერმანულ მედია DPA-სთან ისაუბრა.
შიკორსკის მტკიცებით, დასავლელი სამხედროები უკრაინაში უკვე დიდი ხანი არიან.
“როგორც თქვენმა კანცლერმა თქვა, უკრაინაში უკვე არიან ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყნის სამხედროები… პოლონურში გვაქვს გამოთქმა “ცხადი საიდუმლო”, რაც აღწერს საიდუმლოს, რომელიც ყველამ იცის.” – თქვა შიკორსკიმ.
აქამდე, 26 თებერვალს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინას ფრთოსანი რაკეტების მართვაში ეხმარებოდა და ბერლინი კიევს Taurus-ის ტიპის საბრძოლო მასალას ვერ გადასცემდა, რადგან თავად ომში მსგავსად ვერ ჩაერთვებოდნენ.
შიკორსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ პოლონეთი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს, რადგან “უკრაინა და პოლონეთი 400 წლის განმავლობაში ერთი ქვეყანა იყო და ეს (რედ. ჯარების შეყვანა) რუსებისთვის პროპაგანდის მარტივი წყარო გახდება”. მისივე თქმით, პოლონეთი უნდა იყოს ბოლო ქვეყანა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარისკაცებს შეიყვანს.
თუმცა შიკორსკიმ შეაქო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივა უკრაინაში სამხედროების გაგზავნის განხილვასთან დაკავშირებთ.
ინტერვიუში შიკორსკიმ აღნიშნა, რომ გერმანია ევროპაში უკრაინისთვის შეიარაღების უმსხვილესი მიმწოდებელია, თუმცა ბერლინი მისი ნელი მოქმედების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი უფრო სწრაფად უნდა მოქმედებდნენ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრიანას Taurus-ის ტიპის რაკეტები თავდაცვის შესაძლებლობებს გაუუმჯობესებდა.
ცნობა, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნა NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის განიხილებოდა, თავდაპირველად სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ გაავრცელა, რაც შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა. მაკრონის თქმით, ამ შესაძლებლობა ძალიან თავისუფლად და პირდაპირ” განიხილავენ. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულან.
კრემლში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ თუ ევროპული ქვეყნები უკრაინაში სამხედროებს განალაგებენ, მაშინ NATO-სთან ომი გარდაუვალი გახდება. მაკრონის სიტყვებს თავად ვლადიმირ პუტინიც გამოეხმაურა და “პოტენციურ ინტერვენტებს” “ტრაგიკული” შედეგებით დაემუქრა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს. ამავე შინაარსის კომენტარი გააკეთეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც.