უკრაინაში დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი ვლადიმირ ზავადსკი. ამის შესახებ უკრაინული და რუსული მედია იუწყებიან. გენერლის სიკვდილის შესახებ ცნობები გუშინ გაჩნდა ტელეგრამის არხებზე. ეს ინფორმაცია დაადასტურა რსფსრ უმაღლესი საბჭოს სახელობის მოსკოვის უმაღლესი სამხედრო სამეთაურო სკოლის კურსდამთავრებულთა ინტერრეგიონულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „კრემლმა“. ანგარიშში ნათქვამია, რომ ზავადსკი 28 ნოემბერს დაიღუპა.
როგორც „ვაჟნიე ისტორიი“ აღნიშნავს, ეს ამ წოდების მეშვიდე სამხედროა, უკრაინის ომში რომლის სიკვდილიც რუსული წყაროებით დასტურდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებს და არც უარყოფს.
ზავადსკი, სავარაუდოდ, მე-14 საარმიო კორპუსის მეთაურის მოადგილე იყო. მანამდე ის მეთაურობდა კანტემიროვსკის გვარდიის სატანკო დივიზიას.
უკრაინული სააგენტო „უნიანი“, ასევე ტელეგრამის არხი „ВЧК-ОГПУ“ და ომის მხარდამჭერი რუსული ვებსაიტები ამტკიცებენ, რომ ზავადსკი ნაღმზე აფეთქდა.
„ვაჟნიე ისტორიის“ მონაცემების მიხედვით, საერთო ჯამში ომში 12 რუსი გენერალი დაიღუპა. შვიდი მათგანის სიკვდილი დადასტურდა. ზავადსკიმდე უკანასკნელი დაღუპული გენერალი იყო ოლეგ ცოკოვი. იგი სავარაუდოდ მოკლეს რუსეთის მიერ კონტროლირებად ბერდიანსკში 58-ე არმიის სამეთაურო პუნქტზე თავდასხმის დროს.