6 სექტემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (სბუ) განაცხადა უკრაინაში ვერხოვნა რადის მოქმედი წევრის დაკავების შესახებ, რომელიც ღალატშია ეჭვმიტანილი. ეს ინფორმაცია გენერალურმა პროკურატურამაც გაავრცელა.
უკრაინული მედიის ცნობით, ეს არის ფედორ ხრისტენკო, პარლამენტის წევრი ამჟამად აკრძალული პოლიტიკური პარტიიდან „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“. სავარაუდოდ, ის ექსტრადირებულ იქნა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სადაც ის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ცხოვრობდა.
გამოცემა Zn.ua წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ხრისტენკოს ექსტრადიცია მოხდა არა ჩვეულებრივი პროცედურის მიხედვით, არამედ პოლიტიკური შეთანხმების შედეგად – საქმეს, როგორც იტყობინებიან, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი აწარმოებდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სახელით.
არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა ხრისტენკო უკრაინაში. 5 სექტემბერს „უკრაინსკა პრავდამ“ დაწერა დეპუტატის დუბაიდან შესაძლო ექსტრადიციის შესახებ. 6 სექტემბერს კიევის სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების თანახმად, ხრისტენკო შეჭრამდე რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა, ფსბ-მ, დაიქირავა და ის რუსეთის სპეცსამსახურისთვის დავალებებს ასრულებდა, მათ შორის, ააწყო „უკრაინის ერთ-ერთი სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელობაზე ზემოქმედების ეფექტიანი მექანიზმი“. როგორც ადრე სბუ-ზე დაყრდნობით გაავრცელა მედიამ ინფორმაცია, საქმე ეხება ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს (ნაბუ), რომლის ერთ-ერთი დეტექტივი რუსეთის სასარგებლოდ მუშაობის ბრალდებით დააკავეს. ხრისტენკო ძებნილთა სიაში მალევე, 13 აგვისტოს, შეიყვანეს.
ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივის დაპატიმრების შემდეგ ვერხოვნა რადამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ზღუდავს ამ სააგენტოს დამოუკიდებლობას. ამან უკრაინაში პროტესტი და დასავლეთის ქვეყნების ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. მალევე მიიღეს ახალი კანონი, რომლითაც აღდგენილია ნაბუს დამოუკიდებლობა და დაზუსტებულია მისი უფლებამოსილებები. თუმცა, სბუ აგრძელებს ამ სპეცსამსახურზე რუსეთის შესაძლო გავლენის გამოძიებას.
დაკავებასთან დაკავშირებით თავად დეპუტატს არ გაუკეთებია კომენტარი.
ფორუმი
