უკრაინაში ადასტურებენ რუსეთის 2 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმას

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ს კრასნოდარის მხარეში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ მათი სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი, რომელსაც წელიწადში 3,6 მილიონი ტონა საწვავის გადამუშავება შეეძლო და მისი ღირებულება 50 მილიონი დოლარია.
კრასნოდარის მხარის ხელისუფლების თანახმად, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი 8 თებერვალს, 02:00 საათისთვის გაჩნდა. დილით რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერდა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია და მისი გამომწვევი მიზეზები დადგენის ეტაპზეა.
„უკრაინსკა პრავდის“ წყაროს თანახმად, დღეს დრონით დაარტყეს კრასნოდარის მხარის დაბა აფიპსკის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც, თუმცა შედეგები ჯერ დაზუსტებული არ არის. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, მსგავსი ქარხნები კანონიერი სამიზნეა, რადგან საწვავით ამარაგებენ რუსულ არმიას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ზოგადი მონაცემების მიხედვით, ღამის განმავლობაში „გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის 19 „უკრაინული“ უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 2 კრასნოდარის მხარეში.
ილსკის და აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევა იყო 2023 წლის მაისსა და ოქტომბერშიც.