უკრაინის არმიის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ დაადასტურა მანამდე ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ გასულ ღამით, რუსეთის ქალაქ რიაზანზე დრონებით შეტევის სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.
რიაზანში მდებარე ეს ქარხანა რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ მფლობელობაშია.
5 სექტემბერს, დილით რობერტ ბროვდიმ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ თავდაცვის ძალებმა დაარტყეს რუსეთის ოთხი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ერთს, რიაზანის ქარხანას, რომლის სიმძლავრე წელიწადში 17,1 მილიონი ტონაა. ბროვდის ინფორმაციით, გასულ ღამით დაარტყეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ლუგანსკის ნავთობის ბაზასაც.
რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად გამოწვეული მასშტაბური ხანძრის შესახებ გამთენიისას იუწყებოდნენ რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხები. რიაზანის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინული დრონების ნამსხვრევები ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებიათ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 92 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და მათგან 9 – რიაზანის ოლქში. თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა არაერთხელ მიიტანეს, მათ შორის 2024 წლის იანვარში და 2025 წლის თებერვალსა და აგვისტოში.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და ინფრასტრუქტურა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ.
ფორუმი
