იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოკო კამიკავა, დღეს, 7 იანვარს, უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, იოკო კამიკავა კიევში შეხვედრას გამართავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან. ვიზიტის ფარგლებში, ის გამართავს კონსულტაციებს უკრაინული მხარის პარტნიორებთანაც, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით.
“ვიზიტისას მინისტრი კამიკავა კიდევ ერთხელ დაუდასტურებს უკრაინულ მხარეს, რომ უკრაინისთვის იაპონიის თანმიმდევრული პოლიტიკა უცვლელი რჩება დღევანდელ რთულ საერთაშორისო ვითარებაშიც კი. მინისტრი კამიკავა ასევე აცნობებს უკრაინულ მხარეს შესაბამისი დახმარების დეტალებს და ჩვენი სახელმწიფოს გეგმებს,” – წერია იაპონიის საგარეო უწყების განცხადებაში.
ამას გარდა, კამიკავა უკრაინულ მხარეს აცნობებს, რომ იაპონია თავის ერთგულებას ქვეყნის აღდგენაშიც გამოავლენს. 19 თებერვალს გაიმართება იაპონია-უკრაინის კონფერენციაც, რომელიც ეკონომიკური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას შეეხება. მასში მონაწილეობას უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალიც, მიიღებს.