უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, 31 ოქტომბერს რუსეთის მსხვილ ენერგოობიექტებზე იერიშისას უკრაინული წარმოების Neptune-ის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს.
საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ იერიშის ფარგლებში რუსეთის ორიოლის ოლქში მდებარე თბოელექტროსადგურსა (TPP) და ნოვობრიანსკის ელექტრულ ქვესადგურს დაარტყეს.
ორივე ობიექტი რეგიონში მდებარე სამხედრო-ინდუსტრიულ ქარხნებს ელექტროენერგიით ამარაგებდა და მათმა განადგურებამ “სერიოზული დარტყმა მიაყენა ოკუპანტების ლოჯისტიკას”.
თავის მხრივ, ორიოლის ოლქის გუბერნატორი ანდრეი კლიჩკოვი ირწმუნება, რომ ორიოლის TPP-ს ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები მოხვდა, რამაც “ელექტროენერგიის მიმწოდებელი აღჭურვილობა დააზიანა”.




