უკრაინამ 90 ტყვე, მათ შორის, მარიუპოლის დამცველები დაიბრუნა

რუსეთის ტყვეობიდან 90 უკრაინელი სამხედრო დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი Telegram-ზე ავრცელებს.

მისი თქმით, ტყვეობიდან გათავისუფლებული არიან ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალები, რეგულარული არმიის, ტერიტორიული დაცვისა და სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები.

„ისინი, ვინც იცავდნენ მარიუპოლს, ისინი, ვინც იცავდნენ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს. ისინი, ვინც იბრძოდნენ ხერსონის, დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ლუგანსკის მიმართულებებზე. რუსების ტყვეობაში მყოფი ყველა ჩვენიანი გვახსოვს. ყოველი მათგანის გასათავისუფლებლად ვაგრძელებთ მუშაობას“, – წერს ზელენსკი. 

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი აღნიშნავს, გათავისუფლებულ მებრძოლებს შორის არის მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის 52 დამცველი და ტყვეები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან, რომელზე კონტროლიც რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყების პირველივე დღეებში მოიპოვეს.