უკრაინამ ძებნა გამოაცხადა ჟურნალისტ აიდოს სადიყოვზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ ყაზახეთის ორ მოქალაქეზე

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა გაავრცელა ცნობა, რომ ყაზახი ოპოზიციონერისა და იუტუბის არხ “ბაზეს” დამფუძნებლის, აიდოს სადიყოვის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილია ყაზახეთის ორი მოქალაქე: ალტაი ზაკანბაევი და მეირამ კარატაევი. პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილები დაუსწრებლად დააკავეს და საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანეს.
გამოძიების ინფორმაციით, ჟაკანბაევი და კარატაევი 2 ივნისს ჩავიდნენ კიევში, სადაც საცხოვრებელი ბინები სხვადასხვა მისამართზე იქირავეს. 6 ივნისს ზაკანბაევმა სადიყოვზე თვალთვალის მიზნით “ოპელის” კლასის მანქანა შეიძინა. 8 ივნისს “ბუკინგსის” საშუალებით მათ დაჯავშნეს ბინა სადიყოვის საცხოვრებელი სახლის მახლობლად.

როდესაც ზუსტად დაადგინეს სახლიდან გასვლისა და დაბრუნების დროს, 18 ივნისს კარატაევმა და ზაკანბაევმა, შუადღისით თავდასხმა მოაწყვეს აიდოს სადიყოვზე. კერძოდ კარატაევი “მიუახლოვდა მანქანას მძღოლის სავარძლის მხრიდან და დამიზნებით გაისროლა სადიყოვის თავის მიმართულებით. უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადების თანახმად, სროლის შემდეგ კარატაევი და ჟაკანბაევი გაუჩინარდნენ, იარაღი კი ს ზოოპარკის ტერიტორიაზე ღობესთან დააგდეს.
უკრაინელი გამომძიებლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ში პოლონეთიდან შევიდნენ, მკვლელობის მცდელობის შემდეგ კი მოლდოვაში გაემგზავრნენ. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება თავდასხმის გამოძიებას და შესაბამის სამსახურებს ეჭვმიტანილების პოვნა დაავალა.
აიდოს სადიყოვის მეუღლე ნატალია სადიყოვა დარწმუნებულია, რომ მისი ქმრის მკვლელობის უკან პირადად ყაზახეთის პრეზიდენტი დგას.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სხვა ვერსია არ იქნება. მაშინაც, თუკი თავდამსხმელს დაიჭერენ და შემკვეთზე გავლენ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა კვალი აკ ორდამდე (ყაზახეთის რეზიდენციის სახელია. რედ.) მივა“, – უთხრა ნატალია სადიყოვამ რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.
ამ ბრალდებას ყაზახეთის ხელისუფლება უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური წერს, 19 ივნისს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა განაცხადა, რომ მან დიპლომატიური არხებით გაუგზავნა კითხვები უკრაინას ამ საქმესთან დაკავშირებით.
როგორც ყაზახეთის მედია წერს, ქვეყნის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს განუცხადებია, რომ ჟურნალისტზე თავდასხმის გარშემო “სიმართლის დასადგენად” ყაზახეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ გამოძიებაში.
· სადიყოვების წყვილი კიევში ყაზახეთის ქალაქ აქტობედან 2014 წელს, ნატალია სადიყოვას წინააღმდეგ “ცილისწამების” მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ გადავიდა.
· ყაზახეთის ხელისუფლებისგან სერიოზული საშიშროება ემუქრებოდა მის ქმარსაც, იმხანად ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული (“აზატი”) პარტიის აქტობეს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომელიც ხშირად აწყობდა სხვადასხვა სახის ანტისამთავრობო აქციებს.
· დევნისა და შევიწროების გამო ცოლ-ქმარი სადიყოვები 2014 წელს კიევში ჩავიდნენ, სადაც გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის დახმარებით ლტოლვილის სტატუსი მიიღეს.
· მაგრამ მათ მიმართ დევნა სამშობლოში გაგრძელდა და გასულ შემოდგომაზე აიდოსი და ნატალია სადიყოვები, რომლებიც, კერძოდ, იუტუბის არხ “ბაზეს” აწარმოებენ, ყაზახეთის ხელისუფლებამ ძებნილთა სიაში შეიყვანა, ანტაგონიზმის წახალისების ბრალდებით.
· მალე მათ მიერ შექმნილი იუტუბის არხი, როგორც ნატალია სადიყოვა ამბობს, თავისუფალი ტრიბუნა გახდა ყველა იმ ადამიანისათვის, ვისი ხმაც ყაზახეთში არ ისმის მედიაში გამეფებული ტოტალური კონტროლისა და თვითცენზურის გამო.
· “ბაზეში”, კერძოდ, ქვეყნდება მასალები, რომლებშიც ყაზახეთის ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი კორუფციის მფარველობაში, საეჭვო ჩინური კომპანიების ლობირებასა და პრორუსული პოლიტიკის გატარებაში იყვნენ დადანაშაულებული.