უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ქვეყნის დიპლომატიურმა და სადაზვერვო სამსახურებმა უზრუნველყვეს ათობით ადამიანის ევაკუაცია როგორც ისრაელიდან, ისე ირანიდან. ზელენსკის თქმით, ეს მოხდა იქამდე, სანამ აშშ-ს საჰაერო იერიშს მიიტანდა ირანის ბირთვული პროგრამის ობიექტებამდე.
როგორც ზელენსკი წერს, მათ მიერ ევაკუირებულ ადამიანებს შორის, უკრაინის გარდა არიან მოლდოვის, ლატვიის, აზერბაიჯანის, ესტონეთისა და აშშ-ს მოქალაქეები. ეს ადამიანები ისრაელიდან ეგვიპტეში, ხოლო ირანიდან აზერბაიჯანში გადაიყვანეს.
“აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ მიზანმიმართული აქტიური ზომების მიღებამდე, უკრაინელმა დიპლომატებმა და თავდაცვის დაზვერვამ მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულეს – უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაცია სახიფათო ზონიდან: ისრაელიდან ეგვიპტეში გადავიყვანეთ 176 ადამიანი. გარდა ამისა, მიმდინარეობს ხალხის გადაყვანა ირანიდან აზერბაიჯანში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰამ წარადგინა ანგარიში ჩვენი რეგიონული საელჩოებისა და ევაკუაციის მიმდინარე სამუშაოების შესახებ. მათ შორის ვისი ევაკუაციაც უკრაინამ შეძლო, ქრიან მოლდოვის, ლატვიის, აზერბაიჯანის, ესტონეთისა და აშშ-ს მოქალაქეები. ჩვენ ვპასუხობთ ყველა საჭიროებას და გავაგრძელებთ საევაკუაციო სამუშაოებს. მე დავავალე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩვენს სადაზვერვო სამსახურს, რომ უზრუნველყონ ყველა საჭირო აქტივობა ჩვენი ხალხის დასაცავად ახლო აღმოსავლეთის და სპარსეთის ყურის რეგიონში”, – განაცხადა ზელენსკიმ.
Ahead of the active measures by the United States targeting nuclear program facilities in Iran, Ukrainian diplomats and the Defense Intelligence of Ukraine carried out an important stage of the evacuation of Ukrainian citizens and citizens of partner states from the danger zone:… — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 22, 2025
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაზე დაწერა, რომ უკრაინის მიერ ევაკუირებულთა შორის 14 ლატვიის მოქალაქე იყო. მან მადლობა გადაუხადა “უკრაინელ მეგობრებს” ეფექტიანი და ნაყოფიერი ოპერაციისთვის.
