უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო კორპორაციების ახალ კანონს მოაწერა ხელი – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სახელმწიფო საწარმოების მმართველობის კორპორატიზაცია ამ ორგანიზაციების ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის ზრდას ისახავს მიზნად. ახალი კანონის მიღებას მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის შეფასებითაც ახალი კანონი უკრაინის სახელმწიფო კომპანიებს OECD-ის საუკეთესო სტანდარტებთან დააახლოებს.
კანონმდებლობა ასევე განსაზღვრავს სპეციალური სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებას, სტრატეგიული დოკუმენტით უნდა განისაზღვროს თუ სტრატეგიული მნიშვნელობის რომელი კომპანიები უნდა დარჩეს სახელმწიფოს საკუთრებაში და რომლები უნდა გასხვისდნენ.
იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სახელმწიფო შემადგენლობაში დარჩებიან, ეკონომიკის სამინისტრო განსაზღვრავს ყოველწლიურ სამიზნე მაჩვენებლებს კომპანიების შემოსავლების, მოგების, ვალისა და ლიკვიდობის შესახებ.
ახალი კანონის შესაბამისად, კომპანიებში დაინიშნება დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დანიშნავს და გაათავისუფლებს კომპანიის დირექტორატს. დაინერგება შიდა კონტროლის სისტემა, ასევე შეიქმნება კომპანიის შიდა აუდიტის, რისკის მენეჯმენტის და შესაბამისობის კომიტეტები.
სახელმწიფო კი უფლებამოსილი იქნება განსაზღვროს სამეთვალყურეო საბჭოების შეფასების სისტემა, ასევე შეიმუშაოს სისტემა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურებების თაობაზე.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს სახელმწიფო საკუთრებაში დატოვოს მხოლოდ 100-115 კომპანია.