უკრაინამ რუსეთს მომავალ კვირას დელეგაციის დონეზე ახალი შეხვედრის გამართვა შესთავაზა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსებს ახალი შეხვედრის გამართვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა შესთავაზა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად რუსულ მხარესთან მიმდინარეობს საუბარი სტამბოლში წინა შეხვედრებზე შეთანხმებული პატიმრების გაცვლის გაგრძელებაზე.
„მოლაპარაკებების დინამიკა უნდა გაიზარდოს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. რუსულმა მხარემ უნდა შეწყვიტოს გადაწყვეტილებებისგან დამალვა. პატიმრების გაცვლა, ბავშვების დაბრუნება, მკვლელობების დასრულება. მშვიდობის რეალურად უზრუნველსაყოფად კი ლიდერების დონეზე შეხვედრაა საჭირო“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
