უკრაინული დრონებით თავდასხმამ, რუსეთის როსტოვის რეგიონში ნავთობბაზაზე ხანძარი გააჩინა. ოფიციალურმა პირებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ დრონებით თავდასხმა უკრაინის საზღვრიდან 1500 კილომეტრით დაშორებულ კიროვის რეგიონზეც სცადეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ნავთობბაზის ხსენების გარეშე განაცხადა, რომ ანტისაჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა რეგიონის თავზე ოთხი დრონი გაანადგურეს.
უფრო ადრე, „ტელეგრამის“ არხმა „ბაზამ“, რომელიც რუსეთის უშიშროების სამსახურებთან არის დაახლოებული, განაცხადა, რომ ორი დრონის ჩამოვარდნის შემდეგ, კამენსკის ნავთობის საცავში სამი ავზი იწვოდა.
რუსულ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანდა გამოსახულება, რაც ღამით ცეცხლში გახვეულ დიდ ავზებს ჩამოჰგავდა. „როიტერმა“ შეძლო ამოცნობა, რომ ერთი ვიდეო როსტოვის კამენსკის რაიონში იყო ჩაწერილი.
უკრაინას კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.
კამენსკის საცავზე თავდასხმა აგვისტოს დასაწყისშიც განხორციელდა.
ოთხშაბათს თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც 10 დღის წინ სხვა საცავზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, როსტოვის პროლეტარსკის რაიონში ავზები ჯერ კიდევ იწვოდა.
კიროვის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე სოკოლოვმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმა ქალაქ კოტელნიჩში, ნავთობპროდუქტების საცავზე მოხდა. გუბერნატორმა თქვა, რომ თავდასხმას მსხვერპლი ან ხანძარი არ გამოუწვევია.
უკრაინის მოსაზღვრე ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორ ალექსანდრე გუსევის განცხადებით, უკრაინის მიერ გაშვებული დრონის ნამსხვრევებმა „ფეთქებადი ობიექტების სიახლოვეს“ ხანძარი გააჩინა, მაგრამ დეტონაცია არ მომხდარა. გუბერნატორმა „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა, რომ ხანძარი ჩაქრეს და ორი დასახლებიდან ევაკუირებული მოსახლეობა სახლებში ბრუნდებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვორონეჟის თავზე რვა მოიერიშე დრონი გაანადგურეს, თუმცა დეტალები არ გამოაქვეყნა.
ორივე მხარე აცხადებს, რომ რუსეთის მიერ დაწყებულ ომში სამოქალაქო მოსახლეობა მისი სამიზნე არ არის. კიევი ამბობს, რომ საჰაერო თავდასხმების მიზანი ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებაა, რასც მოსკოვის საომარი ძალისხმევისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს.